ჩეხეთის პოლიციამ გამოავლინა არალეგალურად მოქმედი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში პაციენტებს ინტერნეტში ნანახი ინსტრუქციებით მკურნალობდა. ამის შესახებ apnews-ი წერს.
თაღლითურ სქემაში 3 წევრიანი ოჯახი იყო ჩართული: 50 წლის ყოფილი მედდა, მისი 44 წლის მეუღლე და 22 წლის შვილი. შვილი მკურნალობდა, დედამ ასისტენტობა მოირგო, ხოლო მამა კბილების პროთეზებს ამზადებდა. სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის მათ არანაირი ლიცენზია არ ჰქონიათ.
უკანონო საქმიანობით ოჯახმა დაახლოებით 4 მილიონი ჩეხური კრონა გამოიმუშავა, მანამ სანამ ციხეში მოხვდებოდნენ. საქმე მას შემდეგ გაიხსნა, რაც ერთ-ერთმა პაციენტმა, რომელსაც მკურნალობის შემდეგ გართულებები დაეწყო, ნამდვილი სტომატოლოგის დახმარება ითხოვა.
ბრალდება ოჯახის სამივე წევრმა აღიარა — მათ ბრალი არალეგალურ სამეწარმეო საქმიანობაში, სხეულის დაზიანებაში და გარკვეული ქიმიური ნივთიერებების უკანონო გამოყენებაში ედება. ბრალდებულებს 8 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
პოლიციის ინფორმაციით, დაზარალებულთა რიცხვი რამდენიმე ათეული ადამიანია.