LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენობის კანდიდატი: არ ვიქნები კაბინეტური სახალხო დამცველი, არ მეყოლება არანაირი მანქანა – არც ფავორიტები და დემონიზებული ჯგუფები

70
ლელა გაფრინდაშვილი

„არ ვიქნები კაბინეტური სახალხო დამცველი; არ მეყოლება არანაირი მანქანა – მე არ მეყოლება არც ფავორიტები და არც დემონიზებული ჯგუფები“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლელა გაფრინდაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გაფრინდაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელია, არსებული პოლარიზებული სიტუაცია შეიცვალოს, თუ არ მოვუსმენთ, თუნდაც ყველაზე მიუღებელ ადამიანებს.

„მე არ ვიქნები კაბინეტური სახალხო დამცველი. პასუხისმგებლობა ვის წინაშეც მექნება, ეს არის ხალხი. სხდომებს ჩავატარებ რეგიონებში. წლის განმავლობაში მოვიცავ ყველა რეგიონს. ასევე, ანგარიშებს გავაცნობ რეგიონების წარმომადგენლებს. ამ პროცესიდან რეგიონების გამორიცხვას არ ვეთანხმები.

არ მინდა ჩემი გამოსვლა პოპულისტურად გაიგოთ – კაბინეტიც დაგვჭირდება, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია, რომ სახალხო დამცველს არ იცნობდნენ, მაგალითად, მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლები. არ მეყოლება არანაირი მანქანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ, მათ შორის, სვანეთში, ასევე, არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩემი სტატუსი – სახალხო დამცველობის, ამ საკითხის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას არ ცვლის – აბსოლუტურად წარმოსადგენად მიმაჩნია საზოგადოებრივი ტრანსპორტით წასვლა. თუ ოფისი მთლიანად წავა რეგიონებში, არსებობს ამის სერვისები და ერთჯერადად დავიქირავებთ“, – განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, სახალხო დამცველობის კანდიდატი უნდა იყოს განმანათლებელი. მან უნდა იცოდეს ქვეყნის ისტორია, საბჭოთა კავშირი, პოსტსაბჭოთა პერიოდი, ასევე ადამიანის უფლებების ზოგადსაკაცობრიო ისტორია და ამ ყველაფერს ხალხს თვითონ უნდა აცნობდეს. როგორც ომბუდსმენობის კანდიდატი ამბობს, მას [სახალხო დამცველს] უნდა შეეძლოს ამ ცოდნის დემონსტრირება და ხალხის განათლება.

„ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ამას ნამდვილად გავაკეთებ. სახალხო დამცველს თავისი დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს და მას უნდა კარნახობდეს მედიას, პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს და არა პირიქით – როდესაც არსებობს რაღაც დღის წესრიგები და სახალხო დამცველი ერგება ამ დღის წესრიგებს. ამაში პრინციპული ვარ და ჩემი შეხედულებები მაქვს, როგორ მოხდება ჩემი დღის წესრიგის შემუშავება.

დერადიკალიზაცია და დეესკალაცია – ეს ასევე პრინციპულია. შევხვდები ყველა სამოქალაქო, პოლიტიკურ და ინტერესთა ჯგუფს, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი შეხედულებები ჩემთვის. წარმოუდგენელია, ეს პოლარიზებული სიტუაცია შეიცვალოს, თუ არ მოვუსმენთ, თუნდაც ყველაზე მიუღებელ ადამიანებს ჩვენს საჯარო სივრცეში. მე არ მეყოლება არც ფავორიტები ჩემს მუშაობაში და არც დემონიზებული ჯგუფები. შევხვდები ყველას და დაველაპარაკები ყველას.“– განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ. დღეს ოთხი კანდიდატის – ლელა გაფრინდაშვილის, სოფიო დემეტრაშვილის, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძის კანდიდატურებს განხილვა იგეგმება.

ომბუდსმენის თანამდებობის დაკავების მსურველთა მოსმენა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელება.

ამავე თემაზე: 

„მე არასდროს დავიღლები დიალოგისგან, სახალხო დამცველს არ აქვს უფლება შეიკეტოს თავის ოთახში ან ვიღაცას გაებუტოს“ – რა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა ანა აბაშიძემ მისი ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში

სახალხო დამცველის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია – ვის აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

“მათ საქმიანობაზე დაყრდნობით, მრავალი წლის განმავლობაში მაღალი ნდობა გაგვიჩნდა” – ანა ნაცვლიშვილი სახალხო დამცველის კანდიდატებზე

ჩხობაძე: შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ ომბუდსმენობის კანდიდატებს გარემოსდაცვითი გამოცდილება – ჩემთან სიაში ნუგზარ კოხრეიძე და ანა აბაშიძე ლიდერობენ

ანა აბაშიძე: სააკაშვილმა მერვე კლასელ პატარა ბიჭს „ხულიგანი“ ეძახა – დიახ, მას ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ

მათიკაშვილი აბაშიძეს: თქვენ და ხვიჩა კვარაცხელიას რომ რაიმე უთანხმოება გქონოდათ, მისი „ნაპოლიში“ გადასვლა ასევე გაგიხარდებოდათ?

ომბუდსმენობის კანდიდატი – სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მისი გადადგომის მოთხოვნით თითქმის ყველა აქციაზე ვიყავი, როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, დავიცავი