LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის დასასრული გამოჩნდა: ისრაელი და ჰამასი ტრამპის მშვიდობაზე შეთანხმდნენ

106
Smoke rises following explosions amid the Israeli military offensive in Gaza City, as seen from the central Gaza Strip, October 6, 2025. REUTERS/Dawoud Abu Alkas

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას მიაღწიეს ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე. განცხადება ეგვიპტეში არაპირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე დღის დასრულების შემდეგ გაკეთდა.

საკუთარ სოციალურ მედია პლატფორმაზე, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ მიიღო მისი ადმინისტრაციის გეგმა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დიდი გარღვევაა ღაზაში ომის დასრულების მცდელობებში.

„ძალიან ვამაყობ. ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას“, – წერს ტრამპი.

ტრამპის 21-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა მოითხოვს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ღაზაში დარჩენილი ყველა მძევლის გათავისუფლებას.

„ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ძალებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ხანგრძლივი, მდგრადი და მუდმივი მშვიდობისკენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ისრაელმა და ჰამასმა ცალ-ცალკე დაადასტურეს შეთანხმების მონახაზები. ის ითვალისწინებს, რომ ჰამასი უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს ყველა, 20 მძევალს, ასევე გადასცემს 28 გარდაცვლილის ცხედარს.

ისრაელის სამხედრო ძალები, თავის მხრივ, დაიწყებენ ღაზის ტერიტორიის უმეტესი ნაწილიდან გასვლას, დაუყოვნებლივ შეწყვეტენ თავდასხმებს და მოამზადებენ ნიადაგს ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციებისთვის მთელ სექტორში, რათა შეავსონ ადგილობრივი მოსახლეობის მარაგი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში განიცდის საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტს.

„ღვთის დახმარებით, ჩვენ ყველას სახლში დავაბრუნებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვებსაიტ X-ზე ტრამპის განცხადებიდან მალევე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება იყო „ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული და მორალური გამარჯვება“.

მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ სამშვიდობო გეგმის მიღწევას.

ურსულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისიის პრეზიდენტი):
„ევროკავშირი გააგრძელებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხარდაჭერას, ყველა მხარემ სრულად უნდა დაიცვას შეთანხმების პირობები, ტანჯვა უნდა დასრულდეს“.

ანტონიუ გუტერეში (გაერო-ს გენერალური მდივანი):
„მივესალმები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გამოცხადებას, რომელიც ეფუძნება აშშ-ის პრეზიდენტის წარდგენილ წინადადებას“.

კაია კალასი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი):
„ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან გარღვევას წარმოადგენს, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს მისი განხორციელების მხარდასაჭერად“.

კირ სტარმერი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი):
„ბრიტანეთი მიესალმება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევას, ახლა შეთანხმება სრულად, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს”.

მარკ კარნი (კანადის პრემიერ-მინისტრი):
„მივესალმებით დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპის მიღწევას, მრავალი წლის ინტენსიური ტანჯვის შემდეგ, მშვიდობა მიღწევადი ჩანს“.

ანტონიო ტაიანი (იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი):
„იტალია მზადაა, წვლილი შეიტანოს ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცებაში, ღაზის რეკონსტრუქციაში, მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, გავგზავნოთ სამშვიდობო ძალები“.

ფოტო: pbs
aljazeera

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g