კენიის პატარა კუნძულ ლამუზე დაახლოებით 4 ათასი ახალი ავტომობილი დაგროვდა. კუნძულის ფართობი მხოლოდ 57 კვადრატული კილომეტრია, თუმცა ის დროებით „პარკინგად“ გადაიქცა. სიახლის შესახებ Bild-ი წერს.
პრობლემა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის გამო გემებისთვის ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა. შედეგად, ავტომობილების გადამზიდავმა ხომალდება ალტერნატიული მარშრუტების ძიება დაიწყეს.
პირველად ლამუ დროებით სადგომად აირჩია გემმა, რომელიც იაპონიის იოკოჰამადან დუბაისკენ მიემართებოდა. მოგვიანებით მას სხვა გემებიც შეუერთდნენ. მანქანები ძირითადად ღია ტერიტორიაზე განათავსეს, ხოლო ძვირად ღირებული მოდელები, მათ შორის Porsche-ს სპორტქარები, დახურულ სივრცეში დააპარკინგეს.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში კუნძულზე კიდევ ერთი გემი მივა, რომელიც დამატებით დაახლოებით 5 ათას ავტომობილს ჩაიტანს. კენიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ სიტუაციისთვის მზად არის.

საინტერესოა, რომ თავად ლამუზე ავტომობილებით გადაადგილება პრაქტიკულად აკრძალულია, იქ მხოლოდ სასწრაფო დახმარებისა და ადმინისტრაციული მანქანები მოძრაობენ. ადგილობრივი მოსახლეობა კი ძირითადად ნავებით, ცხენებით ან ვირებით სარგებლობს.
ვარაუდობენ, რომ ავტომობილებს კუნძულზე დატოვებენ მანამ, სანამ რეგიონში ვითარება არ დასტაბილურდება და ძველი ლოგისტიკური მარშრუტები არ აღდგება.
