ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ოკუპირებული აფხაზეთის სიახლოვეს, რუხის ციხეზე დახეული დროშა ფრიალებს. ამის ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას ჟურნალისტი ლალი პაპასკირი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ერთი კვირაა ასეთი დროშა “ფრიალებს” რუხის ციხესთან… კიდევ ერთხელ დავწერ – აფხაზეთი აქედან ერთი ხელის გაწვდენაზეა.
პირველი შემთხვევა არაა. შარშანაც ასე იყო და რომ დავდე ფოტო და ვიდეო მასალა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აღშფოთდნენ – რამდენიმე დღე ქარი იყო, მერე წვიმა და ფიზიკურად ვერ გამოვცლიდითო…
16 გრადუსია ახლა ზუგდიდში და ნიავიც არ იძვრის!..
ოთხი დღეა თავს ვიკავებ, ალბათ როგორც კი ამინდი გამოვა, გამოცვლიან-მეთქი.
ჩემმა მეგობარმა მითხრა – ომის მერე, მიტოვებულ ქალაქში დამარცხებული ქვეყნის დროშას ჰგავსო…
ჰგავს ნამდვილად!..
ზუგდიდის მერია, დაბურული შუშებიდან არ ჩანს ეს დაფხრეწილი დროშა?..
უპასუხისმგებლობა ალბათ ძალიან რბილად ნათქვამია!.. აბა თქვენ იცით!..”,-წერს ლალი პაპასკირი ფეისბუქში.