LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონისე ცხადაძე: „მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა, პირველად მის გულზე ხელი მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ… ციხეში გავიგე, რომ მამაჩემი ეზოში ჭიშკართან გარდაიცვალა“

122
ონისე ცხადაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათი საქმეები ერთ წარმოებად არის გაერთიანებული.

დღევანდელ პროცესზე სიტყვა წარმოთქვა ონისე ცხადაძემ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა:

„სრულიად ნეგატიური დამოკიდებულებისგან დაცლილმა. მინდა ვკითხო პროკურორებს მე თუ ვინმე მომიკლავს ცხოვრებაში? რა ჯანდაბად მჭირდება თქვენი თანაგრძნობა?

იმ ასაკში, რა ასაკშიც მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლსა და ხორცში არავინ გარდაცვლილა. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია საკუთარი თავის გარდა, მთელი ამ დღეების განმავლობაში იმაზე ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ.

სულ ვფიქრობ, როგორ გადაგიხადოთ სამაგიერო. ვიდეოც არსებობს იმის შესახებ, რომ არის სერიული მკვლელი, რომელსაც დახოცილი ჰყავდა უამრავი ადამიანი, მიდიოდნენ დახოცილების ოჯახის წევრები და ლანძღავდნენ. ისინი ისე უყურებდნენ როგორც მანიაკს და შეშლილს. შემდეგ გამოვიდა ერთი სასულიერო პირი და უთხრა მიპატიებიაო და ჩამოიშალა ყველაფერი. ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკები, მაგრამ არ ვაპირებ არ გაპატიოთ.

ჩემთვის მკვლელები ხართ. პირობას გაძლევთ, რომ მოსამართლიდან დაწყებული, ის ბიჭიც თქვენ გვერდით, რომ ზის [სხდომის მდივანი] პასუხს აგებს.

თუ გინდა გეტყვით, როგორ გარდაიცვალა მამაჩემი. ციხეში გავიგე, რომ მამაჩემი ეზოში ჭიშკართან გარდაიცვალა. ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს, რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?

ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო, მე არ მინახავს, მითხრეს. ძალიან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ბევრნი არიან ამ ქვეყანაში, ისიც ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანადგომა…

რაც მოხდა, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და რაც მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება. ასეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს“, – თქვა ონისე ცხადაძემ.

მოსამართლის რეპლიკის შემდეგ, რომელმაც ონისე ცხადაძეს კორექტულობისკენ მოუწოდა, ონისე ცხადაძემ თქვა:

„მამათქვენი როგორ არის? ცოცხალი გყავთ?

მე ვიცი, რომ ეს ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ქვეყანა მეცოდება, საიდან იქნება ამოსათრევი, არავინ არ ფიქრობს. სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ სიკვდილის არ შემეშინდეს, ამის გამო თავს ვერ დავხრი და ვერავის შევეხვეწები გამიშვით-მეთქი, ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მივხედოთ, იმაზე იდარდეთ, რა ქვეყანაც გვაქვს“, – აღნიშნა ონისე ცხადაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

შეგახსენებთ, დაკავებულებს: ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g