რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები, რადიაციული-ონკოლოგი ანი გოდელიშვილი და რადიაციულ-ონკოლოგი, ბრაქითერაპიის ხელმძღვანელი ირინე ჯობავა სტუმრობდნენ, რომელთაც ონკოლოგიურ დაავადებებსა და უახლესი ტექნოლოგიებით მათი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრეს.
– ირინე, რამდენად გავრცელებულია ონკოლოგიური დაავადებები მსოფლიოში და რა მდგომარეობაა საქართველოში?
– სტატისტიკის მიხედვით კიბოს ინციდენტობა ყოველ წელს მატულობს. ბოლო 20 წლის მანძილზე დაახლოებით 19 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 9 მილიონი ლეტალური შედეგით დასრულდა. მზარდი სტატისტიკაა საქართველოშიც, 2020-2023 წლის მონაცემებით დაახლოებით 13 ათასი ახალი შემთხვევიდან 8 ათასი ლეტალურად დასრულდა. დიაგნოსტირებულ შემთხვევებს შორის პირველ ადგილზე ფილტვის კიბო, მეორეზე – ძუძუს კიბო, მესამეზე კი, კოლორექტალური კიბოა. უახლესი ტექნოლოგიებისა და ინდივიდუალური მკურნალობის მიუხედავად, პროგნოზი მაინც არასაიმედოა, რადგან სისტემატურად გვიანდება დაავადების დიაგნოსტირება, პაციენტი მხოლოდ მაშინ მიმართავს ექიმს, როცა სიმსივნე მეორე, მესამე სტადიაშია და მკურნალობაც უშედეგოა. სამწუხაროდ, საქართველოში ნაკლებად აქტუალურია სკრინინგი და პრევენციული ვაქცინაცია. მართალია, სახელმწიფო უზარმაზარ რესურსს ხარჯავს სკრინინგზე, მაგრამ მოსახლეობა მაინც იშვიათად მიმართავს ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის ამ მეთოდს, რადგან ცუდადაა ინფორმირებული.
– ანი, თქვენი კლინიკა უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მართლაც ლიდერია ამ სფეროში. რა სიახლე გაქვთ, რა სერვისებს სთავაზობს ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს და რა როლი ენიჭება სხივურ თერაპიას ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისას?
– სამწუხაროდ, მოსახლეობა მართლაც ცუდადაა ინფორმირებული, არ იცის როდის უნდა მიმართოს სამკურნალო დაწესებულებას და დაიწყოს მკურნალობა. სხივური თერაპია უშუალოდ ზემოქმედებს სიმსივნურ უჯრედზე, რათა დროულად აღკვეთოს მათი გამრავლება. დღეს სხივური თერაპია პრიორიტეტულად ითვლება, რადგან მისი გამოყენება ერთნაირად ეფექტურია როგორც სიმსივნის შესამცირებლად დაგეგმილი ოპერაციის წინ, ისე ოპერაციის შემდეგ ადგილობრივი კონტროლისა და კომბინირებული მკურნალობისთვის. ჩვენი კლინიკა ამერიკული აპარატურითაა აღჭურვილი. თანამედროვე ეპოქაში ტექნოლოგიებთან ერთად მისი პროგრამული უზრუნველყოფაც ვითარდება და იხვეწება, ამიტომ ჩვენი კლინიკა მუდმივად ცდილობს მათ განახლებას. თავიდან სტანდარტული – გარეგანი სხივური თერაპიით დავიწყეთ, მოგვიანებით კი, ჯერ ბრაქითერაპიაზე, მერე რადიოქირურგიაზე გადავედით, რომელიც ბოლო სიახლედ და ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება, რადგან მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს რემისიის პერიოდს.
რადიოქირურგია ინდივიდუალურად იგეგმება სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ. მართალია, ფილტვის სიმსივნე ძალიან გვიან, უკვე თავში მეტასტრაზირების სტადიაში ვლინდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს პაციენტის თავის ტვინის რადიოქირურგიულად დასხივების საშუალება, რათა მოკლე დროში დაუბრუნდეს მკურნალ ონკოლოგს, რომელიც ქიმიოთერაპიის რადიკალურ პროგრამას დაუნიშნავს. ადრე მსგავსი პაციენტები სიკვდილისთვის იყვნენ განწირული და მათთვის მხოლოდ პალიატიური მკურნალობა ინიშნებოდა, ჩვენ კი, მეორე წელია მივმართავთ ამ მეთოდს და ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. თუმცა, რადიოქირურგიის ჩატარება არა მხოლოდ თავის ტვინზე, არამედ ნებისმიერ, დამატებით გამოვლენილ მეტასტაზზე შეიძლება, მით უფრო, რომ საკმაოდ მოკლე დროში ტარდება, რადიაციის დოზა კი, მხოლოდ სამიზნე ზონას ანადგურებს, არ აზიანებს ახლომდებარე ქსოვილებს და მაქსიმალურად ამცირებს გვერდითი მოვლენების ალბათობას.
– ირინე, რას გულისხმობს ადაპტიური სხივური თერაპია, რომელიც მხოლოდ თქვენს კლინიკაშია ხელმისაწვდომი?
– ადაპტიური რადიოთერაპია ჩვენი კლინიკის კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც ორი წლის წინ დაინერგა. აპარატი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის სისტემაა ჩამონტაჟებული ყოველდღიურად, ონლაინ-რეჟიმში ახორციელებს ადაპტიური გეგმის შემუშავებას პაციენტის ანატომიური ცვლილებებისა და სიმსივნის ფორმის, ზომის გათვალისწინებით, ანუ სწორედ ადაპტიური სისტემის წყალობით ვაკონტროლებთ ორგანოებს, რომლებიც მოძრაობენ. ექიმი ყოველდღე აკეთებს ადაპტიურ გეგმას და მხოლოდ სამიზნე ორგანს ასხივებს, რათა არ დაზიანდეს მეზობელი ქსოვილები და ორგანოები. ადაპტიური რადიოთერაპია ძალიან ეფექტურია რადიაციული დოზის ხარჯზე სეანსების შესამცირებლადაც. სტანდარტული დასხივების დროს საკმაოდ მაღალი იყო გვერდითი მოვლენები, ადაპტიური სხივური თერაპია კი, მინიმუმამდე ამცირებს ტოქსიკურობას.
– რას გულისხმობს ბრაქითერაპია?
– სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი დეპარტამენტი ბრაქითერაპიის სრულ სერვისს სთავაზობს პაციენტებს. ბრაქითერაპია – ერთ-ერთი მთავარი დამატებითი სერვისია სხივური თერაპიით მკურნალობისას და მეტწილად დისტანციურ სხივურ თერაპიაში გამოიყენება, როცა დოზის მაქსიმალური მიწოდებაა საჭირო კონკრეტულ უბანზე. პროცედურა მინი ინვაზიურია, რადგან წყარო სპეციალური აპლიკატორით იდგმება სამიზნე ორგანოში, შიგნიდან ასხივებს და აბსოლუტურად არ აზიანებს მეზობელ ქსოვილებს. ბრაქითერაპია ყველა ლოკალიზაციის სიმსივნის დროს გამოიყენება და ძალიან ეფექტურია, მით უფრო, რომ მომატებული დოზის ხარჯზე მცირდება სეანსების რაოდენობა. ამასთანავე, ჩვენ ბრაქითერაპიას მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახულებაზე დაყრდნობით ვახორციელებთ, რადგან ამგვარ გამოსახულებაზე უკეთ ჩანს სიმსივნე, რაც თავის მხრივ, ჯანსაღ ქსოვილებს იცავს ზედმეტი ტოქსიკურობისგან.
– ანი, რამდენად მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობისას სხვადასხვა პროფილის მედიკოსების მონაწილეობა?
– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ მკურნალობის სხვადასხვა კურსის გავლა უწევთ. მკურნალობის მეთოდის შემუშავებისას ინდივიდუალურად განიხილება თითოეული პაციენტის მდგომარეობა რადიოლოგების, ონკოლოგების, ქირურგებისა და სხივური თერაპევტების მონაწილეობით. ამასთანავე, სისტემატურად ვიწვევთ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც ასევე ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეულ შემთხვევას, რაც პაციენტისთვის მეტად კომფორტულია, რადგან აღარ უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება და ზედმეტი ხარჯის გაწევა.