„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, ოპოზიციონერი ლიდერებისთვის, მედია მენეჯერებისთვის და საზოგადოების ნაწილისთვის გახდა საფუძველი, რომ „ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღაბი და პირდაპირ შეერთებოდნენ პოლიტიკურ მისწრაფებებს“.
ნინო წილოსანის თქმით, 5 ივლისს პოლიციამ ჟურნალისტების დაცვა სამწუხაროდ ვერ უზრუნველყო, მაგრამ ეს იმით იყო განპირობებული, რომ სამართალდამცავები ჟურნალისტების მიმართ ამხელა აგრესიას არ მოელოდნენ.
როგორც წილოსანის აცხადებს, იმისთვის, რომ არსებული ვითარებიდან გამოვიდეთ, რადიკალიზაცია და პოლარიზაცია უნდა შემცირდეს. მისივე თქმით, საზოგადოების ორად გახლეჩვა, ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური განცხადებები მიუღებელია.
„ვუერთდები იმ დიდ ტკივილს, რაც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო აქვს ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. ვწუხვარ, რომ მისი გარდაცვალება გახდა საფუძველი იმისა, რომ გარკვეულ მედიასაშუალებებს ბოლომდე ჩამოეხსნათ ის ნიღაბი, რომელიც აქამდე ჰქონდათ და პირდაპირ შეერთებოდნენ პოლიტიკურ მისწრაფებებს და მეორე, მსგავსი არეულობების საფუძველი ყოფილიყო.
აქციაზე გამომსვლელი ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რითი გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა, რა თქმა უნდა გარკვეულწილად მიგვანიშნებს, რამდენად განსხვავებულია მათი მოტივაცია ამ ადამიანის დიდ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
გუშინდელმა მიტინგმა და იქ გამომსვლელმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ეს ბრძოლა არ არის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელზეც ყველა აღვშფოთდით. ეს ბრძოლა მათ გადაზარდეს სახელმწიფოს მართვის ხელში ჩაგდებისთვის და ანტიეკლესიურ და ანტისახელმწიფოებრივ ბრძოლად. ეს ძალიან ნათლად ჩანს, თუნდაც დღეს პარლამენტზე განხორციელებული შეტევით. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა, მათ შორის ორგანიზატორების ჩათვლით.
პოლიციამ 5 ივლისს ვერ შეძლო ჟურნალისტების დაცვა და გაცილებით უფრო ეფექტურად უნდა წარმართულიყო, თუმცა მათი ახსნით ისინი არ მოელოდნენ. დილის 11 საათზე აქცია და კონტრაქცია ერთმანეთს არ უნდა დაჯახებოდა, არ მოელოდნენ ამგვარ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ.
დღესაც პარლამენტში შემოიჭრნენ და იგივე მანდატურებმა ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა. ხდება ფაქტები, ხოლმე, როდესაც მოულოდნელობიდან გამომდინარე ვერ ხდება საუკეთესო შედეგით დაცვა.
აუცილებლად ვთვლი, რომ რადიკალიზაცია უნდა შემცირდეს. ჩვენი ერის და საზოგადოების ორად გახლეჩვა არის მიუღებელი. ჩემთვის პირადად მიუღებელია ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური განცხადებებიც. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, განცხადებების კეთება მეორე მხარის მიუღებლობასთან დაკავშირებით არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.