LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერისა და ბალეტის თეატრში ლუდვიგ მინკუსის ბალეტის „ბაიადერას“ პრემიერა გაიმართება

704
ოპერა

2023 წლის 14 ნოემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ლუდვიგ მინკუსის „ბაიადერას“ პრემიერა გაიმართება.

„ბაიადერას“, რომლის მსოფლიო პრემიერა 1877 წლის 23 იანვარს სანკტ-პეტერბურგში შედგა, დღემდე გამორჩეული ადგილი აქვს მსოფლიო ბალეტის ისტორიაში. თითქმის არ არის საბალეტო თეატრი, რომლის რეპერტუარში წარმოდგენილი არ იყოს მარიუს პეტიპას ეს კლასიკური ბალეტი.

„ბაიადერას“ ლიბრეტო მარუს პეტიპას და სერგეი ხუდეკოვის ლიბრეტოს მიხედვით ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. ნინო ანანიაშვილი, ალექსეი ფადეეჩევთან ერთად, ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფია. ბალეტის ახალი რედაქცია მარიუს პეტიპას ისტორიულ, ორიგინალურ დადგმაზე არის დაფუძნებული და მასში გამოყენებულია ფრაგმენტები ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიიდან (პა დ’აქსიონი).

ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა „ბაიადერას“ დამდგმელ ჯგუფში მოიწვია გამოცდილი თეატრალური მოღვაწეები: სცენოგრაფია დავით მონავარდისაშვილს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვრობა, ცნობილი დიზაინერს კირილ გასილინს, რომელსაც კონსულტაციებს უწევდა მსოფლიოში ცნობილი კოსტიუმების მხატვარი და სცენოგრაფი, მოდის ისტორიკოსი ალექსანდრ ვასილიევი. ა. ვასილიევს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს – იგი იყო ალექსანდრ კრეინის „ლაურენსიას“, ანდრე მესაჟეს „ორი მტრედის“ და კარლ ქრისტიან მიოლერის „ნატალის“ კოსტიუმების მხატვარი. სპექტაკლის განათებაზე სტეენ ბიარკე მუშაობს.

„ბაიადერას“ დამდგმელი დირიჟორია პაპუნა ღვაბერიძე.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ბაიადერა“ პირველად მაყურებელმა 1912 წლის 30 მაისს ნახა, სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის გასტროლის დროს.

1968 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანმა „ბაიადერას“ საკუთარი ვერსია დადგა. 1974 წელს, თეატრში „ბაიადერას“ მესამე მოქმედების პრემიერა შედგა. 1981 წლის 22 ნოემბერს კვლავ დაიდგა „ბაიადერას“ ვახტანგ ჭაბუკიანისეული ვერსია. 2023 წლის სპექტაკლი, რომელიც ნინო ანანიაშვილს და ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნით, „ბაიადერას“ მეოთხე, მაგრამ განსხვავებული ქორეოგრაფიული რედაქციაა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g