“ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არავის გადაუფიქრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა,” – აცხადებს გირჩის დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი და ამბობს, რომ ოპოზიციას მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ მას “ქართული ოცნება” მორიგ ჯერზე არ გადააგდებს”.
როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო განცხადება ჯერ არ მოუსმენიათ:
“საინტერესოა, აპირებენ თუ არა პირობის დარღვევას. ამ თემაზე მკაფიო განცხადება არ მოგვისმენია. ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არავის გადაუფიქრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა.” – თქვა მეგრელიშვილმა.
შეგახსენებთ, კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 29 ივნისს განხორციელდა.
პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა 16-17 აგვისტოს გაიმართება, მას 91 დეპუტატი აწერს ხელს.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით:
➤ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია და დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
➤ საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოდის;
➤ შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება.
“ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, პროექტს ხელს აწერენ: “მოქალაქეების”, “გირჩის”, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ლელოს” წარმომადგენლები.