LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგია – 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინებების სისტემა დაინერგება

129
ოთარ შამუგია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჰელსინკიში, საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო.

ოთარ შამუგია, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალურ დირექტორს პეტერ ტაალასს შეხვდა. მხარეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შესარბილებლად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მემორანდუმის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მეტეოროლოგიური და გარემოსდაცვითი დაკვირვების ქსელების, შესაბამისი აღჭურვილობის და ლაბორატორიების მოდერნიზება; ამინდის, კლიმატის და ჰაერის ხარისხის მოდელირების და პროგნოზირების სისტემების განვითარება; ადრეული გაფრთხილების სერვისის მიწოდების პლატფორმის მოდერნიზება, ახალი სერვისების და პროდუქტების შექმნა, რომლებიც სარგებელს მოუტანს მოსახლეობას და დაინტერესებულ მომხმარებლებს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 231 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამინდის პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობის გაზრდას.

პეტერ ტაალასის განცხადებით, მეტეოროლოგიური საერთაშორისო სისტემების დახვეწა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ინვესტიციებს ახორციელებს.

ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტში გამართულ შეხვედრას და მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას ოთარ შამუგიასთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ.

magti 5g