„თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ოთო კოვზირიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ რთულ პერიოდებსა და შილებზე საუბრობს, რომლებიც მისი ანტიდეპრესანტები არიან.
– რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?
– სხვათა შორის, ჩემზე ძალიან ბევრი რამ მოქმედებს. შეიძლება, კარგმა, მზიანმა ამინდმა განაპირობოს ბევრი რამ. ჩემი შვილები არიან ჩემი ანტიდეპრესანტები. ისინი ყოველთვის მაძლიერებენ და სტიმულს მაძლევენ იმისთვის, რომ ჩემი საქმე ვაკეთო. როდესაც ყველაზე გულჩათხრობილ ან უიმედო მდგომარეობაში ვყოფილვარ, იშვიათად, მაგრამ მაინც, ასეთ მომენტებში ყოველთვის ჩემი შვილები მაძლიერებენ.
– არადა, ეკრანზე და სოციალურ ქსელებში საკმაოდ მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ.
– ვცდილობ, მხიარულობით, პოზიტიური ვიდეოებით ჩემი თავი „დავქოქო“. არ ვიყო გულჩათხრობილი და საკუთარ თავს პოზიტიური განწყობა შევუქმნა. ყოველთვის არ ხარ კარგ ხასიათზე, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა მოწოდების სიმაღლეზე არ დგახარ, დათრგუნული ხარ და რაღაც მხიარულების საშუალებას არ გაძლევს. ასეთ დროს სოციალურ ქსელში აქტიურობა და თუნდაც ეს სახალისო ვიდეოები მეხმარება, რომ ჩემი თავი დავაბალანსო და უკან-უკან არ წავიდე, სევდას არ ჩავყვე და გულჩათხრობილი არ ვიყო.
– კარიერა და ოჯახი – რომელს რა ადგილი უჭირავს?
– უფრო მეოჯახე ტიპი ვარ, ვიდრე კარიერისტი. არ შემიძლია, კარიერის გამო მოვიკლო შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობა. ჩემი პროფესია მიყვარს, მაქსიმალისტი ვარ და საქმის ნახევრად გაკეთება არ შემიძლია. ისეც მომხდარა, რომ პროფესიის გამო, ოჯახისთვისაც მომიკლია ყურადღება, მაგრამ ეს არ არის მუდმივი ხასიათის. ძირითადად, ვცდილობ, რომ ოჯახს არაფრის გამო არ მოვაკლო ყურადღება. არც ერთი კარიერა და საქმე, რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, არ ღირს ოჯახის ფასად. ოჯახური ურთიერთობები ყველაზე ძვირფასია.