LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიამ აჩვენა, რამდენად დიდია ქალების წვლილი და რამდენად არაპროპორციულია ის ტვირთი, რომელსაც ატარებენ: დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქალებს 8 მარტს ულოცავს

127
FORTUNA.GE- (2)

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ქალი სამედიცინო პერსონალის წვლილი კოვიდ-19-ის მართვასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის სტაბილიზაციაში განუსაზღვრელად დიდია. სწორედ ამიტომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ.” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) ქალებს 8 მარტს ულოცავს და იმ წვლილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.

მისალოც ტექსტში აღნიშნულია, რომ ქალები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე დგანან. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა კი აჩვენა, რამდენად დიდია მათი წვლილი და რამდენად არაპროპორციულია ის ტვირთი, რომელსაც ისინი ატარებენ.

როგორც NCDC მიმართვაში აღნიშნავს, მთელი მსოფლიოს ქალები იმსახურებენ სტიგმისგან, სტერეოტიპებისგან, ძალადობისგან თავისუფალ და თანასწორუფლებიან მომავალს:

“წელს დღის სლოგანს წარმოადგენს “ქალები ლიდერთა რიგებში: თანასწორუფლებიანი მომავლის მიღწევა კოვიდ19-ის პირობებში”. პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებისას ქალთა როლი მნიშვნელოვანია.

2021 წლის კამპანია – თაობათა თანასწორობის კამპანია ითვალისწინებს ქალთა უფლებას მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე – სამუშაოს შესაბამისი გასამჯელოს, ოჯახის საქმეების თანაბრად განაწილებისა და ყველანაირი ძალადობის ფორმის აღმოხვფრის შესახებ.

მნიშვნელოვანია ქალებისთვის სამედიცინო სერვისებისა და განათლების ხელმისაწვდომობა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრულუფლებიანი მონაწილეობა და მათი ლიდერის პოზიციაში ხილვა ხელს უწყობს საყოველთაო პროგრესს. სამწუხაროდ, ქალების ჯერ კიდევ მცირე რაოდენობა იღებს მონაწილეობას საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რასაც გაეროს გენერერალური მდივნის ბოლოდროინდელი მოხსენებაც ადასტურებს.” – ვკითხულობთ მიმართვაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ყურადღებას ამახვილებენ ქალების როლზე სხვადასხვა სფეროში და აღნიშნავენ, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა ლიდერ პოზიციებზე მხოლოდ 130 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი:

“მსოფლიოს მხოლოდ 22 ქვეყანაში არიან ქალები სახელმწიფოს მმართველ თანამდებობაზე, ხოლო პარლამენტარი ქალების რიცხვი 25%-ია; 30 წელზე უმცროსი ქალბატონების რიცხვი მსოფლიოს პარლამენტართა 1%-ია. გაეროს მონაცემებით გენდერული თანასწორობის მიღწევა ლიდერ პოზიციებზე მხოლოდ 130 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალების როლი კლიმატური ცვლილების, ინკლუზიური მიდგომებისა და სოციალური სამართლიანობის ადვოკატირების პროცესში. როდესაც მართვის სადავეები ქალებს უპყრიათ, მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგს ვაღწევთ. ამის საუკეთესო მაგალითი კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებია.

სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ დამატებითი ახალი ბარიერები წარმოიშვა: ისინი განიცდიან ოჯახურ ძალადობას, უმუშევრობასა და სიღარიბეს, მათ მოუწიათ დამატებითი ვალდებულებების აღება.
მიუხედავას იმისა, რომ ქალები, ძირითადად, ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, კოვიდ-19-ის ეროვნული და გლობალური პოლიტიკის პროცესში ქალების მონაწილება შეუსაბამოდ არაპროპორციულია. გაეროს მონაცემებით ჯანდაცვის სექტორში მომუშავე მეცნიერ, ექიმ და ექთან ქალებს 11 %-ს უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვს, ვიდრე მათ კოლეგა მამაკაცებს.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც NCDC-ში აღნიშნავენ, ქალთა უფლებების დასაცავად და მათი ლიდერული თვისებების მაქსიმალურად გამოყენებისათვის, ქალთა და გოგონების შესაძლებლობები ინტეგრირებული უნდა იყოს ნებისმიერ სფეროში.

magti 5g