LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დროს კოლუმბიელებს უსაფრთხო შოპინგში კურიერი ძაღლი ეხმარება

201
delevrdognews

კოლუმბიაში, კერძოდ კი ქალაქ მედელინში სურსათი ხალხთან 8 წლის ლაბრადორს დააქვს. უსაყვარლესი ეროსი კურიერად მუშაობს და თავის მოვალეობას არაჩვეულებრივად ასრულებს.

ძაღლი მთა–გორიანი ქალაქის ქუჩებს დღეში რამდენჯერმე უვლის და ადგილობრივებისთვის ხილი, ბოსტნეული თუ სხვა სანოვაგე მიაქვს. შოკოლადისფერი ლაბრადორი თავისი მოვალეობის შესრულებისთვის კლიენტებისგან უამრავ სიყვარულს იმსახურებს.

„ეროსი სოციალური დისტანციის დაცვაში გვეხმარება“, – განაცხადა ძაღლის მფლობელმა მარია ნატივიდად ბოტერომ. „ხალხს ძალიან უყვარს, როდესაც მარკეტიდან სანოვაგე მათთვის ჩვენს ცუგას მიაქვს“.

ეროსი ყოველთვის ასეთი ვარსკვლავი ნამდვილად არ ყოფილა. ის წლების განმავლობაში თავშესაფარში ცხოვრობდა და ბოტეროს ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ბავშვების თხოვნით იშვილა.

ოჯახს უჭკვიანესი არსება ძალიან შეუყვარდა და როდესაც მათ პატარა მაღაზია გახსნეს, ძაღლიც სულ თან ყავდათ და შეკვეთების დარიგებისას ის ბავშვებს დაყვებოდა.

კურიერმა ძაღლმა მისამართების ცნობა ნამდვილად არ იცის, თუმცა მყიდველებს სახელებით ცნობს და რამდენიმე მცდელობის შემდეგ მათი სახლების პოვნა უკვე დამოუკიდებლად შეუძლია.

„ეროსი ძალიან ჭკვიანია და ჩვენი 5–6 კლიენტის სახელი უკვე იცის. მათთან სურსათი მარტოს მიაქვს და როგორც წესი, ჯილდოდ გემრიელ სასუსნავსაც იმსახურებს ხოლმე“, – ამბობს მარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები