პანდემიის პირობებში გენდერული თანასწორობის საკითხების დაცვა ქართულ ოჯახებში რთული აღმოჩნდა და ამას გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში, ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი, კიდევ უფრო გაიზარდა. პანდემიამ საქართველოში ქალებისა და გოგონების მდგომარეობაზე გავლენა იქონია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კარანტინის დროს ქალების შემთხვევაში მთავარი საქმიანობების ხუთეული ასეთი იყო:
საჭმლის მომზადება, დალაგება, სახლის საქმეების მართვა, ბავშვებზე ზრუნვა და ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა.
კაცების შემთხვევაში კი მთავარ საქმიანობებს წარმოადგენდა:
სახლის საქმეების მართვა, საყიდლებზე სიარული, დასვენება, შინაური ცხოველების მოვლა და ბავშვებთან თამაში.
გამოკითხვის შედეგად ქალებს ბავშვების მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე გაცილებით დიდი დროის დახარჯვა უწევთ. გამოკითხული ქალების 61% ამბობს, რომ ისინი ბავშვებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობენ. ქალების 41%-ს დალაგებაზე დახარჯული დრო გაეზარდა, ხოლო 31%-ს საჭმლის მომზადებაზე.
კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და გამოიკითხა 1 069 ადამიანი. მათ შორის, 572 – ქალი და 497 – კაცი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სრული ანგარიში ივნისის ბოლოსთვის გახდება ხელმისაწვდომი.