პარიზში მდებარე მონპარნასი ისტორიულ ცენტრში მდებარე ერთადერთი ცათამბჯენი – მასშტაბური რეკონსტრუქციისთვის დაიხურა. 210 მეტრის სიმაღლის შენობას სრული განახლება ელის, რომელიც მინიმუმ ოთხ წელს გასტანს.
ცათამბჯენი 1973 წელს აშენდა და მას შემდეგ მუდმივი კამათის საგანია. ბევრ პარიზელს ის არ მოსწონს და ხშირად „შავ ქვრივსაც“ უწოდებენ მისი მკაცრი და მძიმე იერის გამო. ბეტონისა და ფოლადის კონსტრუქცია მკვეთრად დომინირებს ქალაქის ფონზე, სადაც შენობების საშუალო სიმაღლე მხოლოდ შვიდ სართულს აღწევს. სწორედ მისი აშენების შემდეგ აიკრძალა პარიზის ცენტრში სხვა მაღალსართულიანი შენობების აგება. ადგილობრივები ხშირად ხუმრობენ, რომ მონპარნასის სახურავი საუკეთესო ადგილია ქალაქში – რადგან ეს ერთადერთი წერტილია, საიდანაც თავად ეს შენობა არ ჩანს.
მიუხედავად კრიტიკისა, ცათამბჯენი ძალიან პოპულარულია თავისი მოედნით, რომელიც 56-ე სართულზე მდებარეობს. მისი გახსნიდან დღემდე აქ 30 მილიონზე მეტი ადამიანია ნამყოფი. მზიან ამინდში ხედვის არეალი 40 კილომეტრს აღწევს – აქედან ჩანს ეიფელი, როტერდამი თუ ლუქსემბურგის ბაღები.

რეკონსტრუქციის პროექტი სპეციალურად შექმნილმა არქიტექტურულმა ბიურომ შეიმუშავა. მათი გეგმით, ბნელი მონოლითი გადაიქცევა გამჭვირვალე, მინის ცათამბჯენად. ოფისების ნაცვლად შენობაში განთავსდება სასტუმრო, სტუდენტური საცხოვრებლები და სერვისული სივრცეები, ხოლო სავაჭრო ზონა დაახლოებით მესამედით შემცირდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სახურავს შეეხება – იქ მოეწყობა ურბანული სათბური, დამონტაჟდება თანამედროვე მზის პანელები და გაკეთდება ექვსი სპორტული მოედანი, მათ შორის ჩოგბურთისა და მინი ფეხბურთისთვის. განახლებული მონპარნასის გახსნა 2030 წლისთვის იგეგმება.