პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 84 ხმით (ერთი წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც, მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას აღარ გამოიწვევს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის მიხედვით, თუკი საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, როგორც საკრებულოს, ასევე მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.
„სწორედ საკრებულოა უფლებამოსილი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. თუკი წარდგენილი ბიუჯეტის პროექტების დამტკიცება ვერ ხერხდება, აქ იკვეთება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობა. კანონის მოქმედი რედაქცია ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის თაობაზე პასუხისმგებლობას ანიჭებს საკრებულოსაც და მერსაც, თუმცა რეალურად, ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საბოლოო ბერკეტი საკრებულოს ხელშია, რადგანაც სწორედ ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე საბოლოო ეტაპზე თავად შეუძლია დაამტკიცოს ბიუჯეტის ის პროექტი, რომელიც მერის მხრიდან ინიცირებულ ბიუჯეტის პროექტში შენიშვნებს ითვალისწინებს“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა.
ამავე საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, მერს შეეძლება საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა ან დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს განმარტავს, რის შემდეგაც საკითხის კენჭისყრაზე დაყენება სავალდებულო იქნება. საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით მიიღება.
საკანონმდებლო ცვლილება მერის თანამდებობაზე ასარჩევად დაწესებულ ასაკობრივ ცენზსაც შეეხება და იგი 25 წლით განისაზღვრება.