პატრულის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლებთან დაკავშირებული პროცედურა და, შესაბამისად, მათი ადგილზე დაყოვნების დრო შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების რამდენიმე თვიანი კურსი დაასრულეს, შედეგად უახლოეს მომავალში მუშაობის ახალი სტანდარტი დაინერგება.
სიახლის მიხედვით, გამარტივდება პატრულ-ინსპექტორების შემთხვევის ადგილზე მუშაობის პროცედურული ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლების ადგილზე დაყოვნების დროს. ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გამოწერს მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელი ქვითრებს. ამისთვის კი შემუშავდა საქმის წარმოების ახალი ფორმა. შედეგად, მნიშვნელოვნად განიმუხტება გზებზე მოძრაობა და დაიზოგება ადამიანური რესურსი. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.