ავსტრალიაში ასაკოვანმა ბრიტანელმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როცა ერთ დღე-ღამეში სიდნეის 120 ბარის მონახულება მოასწრო. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნი წერს.
პენსიაზე გასული ბუღალტერი, 69 წლის დევიდ კლარკსონი ამბობს, რომ უჩვეულო რეკორდის დამყარება სასმელის სიყვარულმა გადააწყვეტინა. გარდა ამისა, სიდნეიში მრავლადაა საინტერესო ბარები, რომელთა მონახულებაც ძალიან უნდოდა.
პენსიონერმა თავისი ექსპერიმენტი ორშაბათს დაიწყო. ერთ დღე-ღამეში მან 120 დაწესებულება მოინახულა და თითოეულში თავისი საყვარელი სასმლის დალევაც მოასწრო. ბრიტანელი ამტკიცებს, რომ 24 საათში მან მინიმუმ 20 ლიტრა სასმელი მიიღო.
კლარკსონს რეკორდის დადასტურებაში მეგობრები დაეხმარნენ. ისინი მოწმეებად გამოვიდნენ და გარდა ამისა, მამაკაცს მთელი ღამის განმავლობაში კომპანიონობასაც უწევდნენ. იმისათვის, რომ 120 ბარის მონახულება დაემტკიცებინა, პენსიონერი რვეულში ჩანაწერებს ტოვებდა და თითოეული ბარის წარმომადგენელს ხელმოწერას ატოვებინებდა.