“საქართველოსა და სომხეთს შორის გადაუჭრელი საკუთხები არ არსებობს. ჩვენ აქ ურთიერთობის და ძმობის განსამტკიცებლად ჩამოვედით,”- ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
“ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ქართულ-სომხური ურთიერთობის განვითარებას, მიუხედავად იმისა, რა საქმიანობას ვეწეოდი მე, როგორც ჟურნალუსტი, როგორც დეპუტატი და ახლა როგორც მთავრობის მეთაური, ახლა იმ ვითარებაში ვართ როცა, თუ არა ყველა, ბევრი ჩვენი სურვილის განხორციელების საშუალება გვაქვს.
შეხვედრისას ქართულ-სომხური ურთიერთობების გრძელვადიან გეგმებზეც ვისაუბრეთ, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი და მოკლევადიანი საერთო ინტერესები, ჩვენ საქართველოში გვაქვს მრავალი ერთობლივი პროექტი და ამ პროექტებს დროულად და ხარისხიანად განვახორციელებთ.
სომხურ-ქართულ ურთიერთობებში არ არსებობს გადაუჭრელი საკითხები, მთავარია განწყობა და სურვილი, ჩვენ პოზიტიურ ატმოსფეროში გადავიყვანთ ეკონომიკურ ურთიერთობებსაც, მთავრობათაშორისი კომისიის საშუალებით შევძლებთ კონკრეტული შედეგების დაფიქსირებას ორმხრივი ურთიერთობების მრავალ სფეროში,” – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი სამხრეთ საქართველოსაც ეწვევა. ფაშინიანი ახალქალაქში ეროვნებით სომეხ მოსახლეობას შეხვდება.
