მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დღესდღეობით მსოფლიოში უდიდესი საავტომობილო ბაზარია, „პორშე“ ქარხნის აშენებას პრინციპულად არ აპირებს.
გასულ წელს „პორშემ“ 272 162 ავტომობილი გამოუშვა და მათგან 88 968 ჩინეთში გაგზავნა. შედარებისთვის, იმავე პერიოდში ევროპის მასშტაბით 80 892 „პორშე“ გაიყიდა, აშშ–ში კი 57 294 ერთეული. მიუხედავად ამხელა მოთხოვნისა, ბრენდი არ აპირებს რომ ჩინეთში ქარხანა ააშენოს. მიზეზი კი საკმაოდ უცნაურია.
ავტომობილების ჩინეთში აწყობა მათ ღირებულებას მკვეთრად შეამცირებდა, თუმცა „პორშესთვის“ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იმიჯის შენარჩუნებაა.
კომპანიაში ფიქრობენ, რომ მომხმარებელი გერმანულ ავტომობილებს ბევრად უფრო აფასებს, ვიდრე ჩინეთში აწყობილს. ასეთი ვითარება კი მინიმუმ კიდევ 10 წელი მაინც შენარჩუნდება, შესაბამისად ამ პერიოდში ქარხნის აშენებაც გამორიცხულია. ხოლო თუ როგორი სიტუაცია იქნება 10 წლის შემდეგ, ეს უკვე გაყიდვების მაჩვენებელზე და ადგილობრივ კანონმდებლობაზე იქნება დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ „პორშეს“ მოდელები მხოლოდ გერმანიაში არ იწარმოება და მაგალითად Cayenne სლოვაკეთში, ხოლო Cayman კი ფინეთში იწყობა.
