2026 წლის დასაწყისში პორტუგალიაში ამოქმედდება ევროპაში პირველი სამოთხე იმ სპილოებისთვის, რომლებიც ზოოპარკებში ან ცირკებში ცხოვრობდნენ და ახლა „პენსიაზე“ არიან გასულები.
Portugal resident-ის ინფორმაციით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ ცირკებში ველური ცხოველების მონაწილეობა აკრძალა, რის შედეგადაც ათობით სპილო ქუჩაში აღმოჩნდა. ასევე არიან ზოოპარკებიც, რომლებსაც სპილოების შენახვა სხვადასხვა მიზეზით აღარ სურთ.
მათთვის ახალი თავშესაფარი გახდება სამხრეთ-დასავლეთ პორტუგალიაში მდებარე „პანგეას“ რეზორტი – 400 ჰექტარზე მეტ ფართობზე გადანაწილებული საოცარი ტყე-პარკი.
რეზორტში სპილოები შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას, საკვების მოპოვებას და ერთმანეთთან ურთიერთობას – ანუ ბუნებრივ გარემოში ცხოვრებას. საჭიროების შემთხვევაში მათ სპეციალისტები პროფესიონალურ დახმარებასაც გაუწევენ.
პირველ ბინადართა შორის ერთ-ერთი – 40 წლის კარიება იქნება. ის ახლა ბელგიის ზოოპარკში ცხოვრობს და ძალიან განიცდის თავისი მეგობრის – სპილო ჯენის დაკარგვას, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა. სპილოები ძალიან სოციალური ცხოველები არიან და მარტოობას რთულად იტანენ.
რატომ სწორედ პორტუგალია? ქვეყანა იდეალურ კლიმატს და საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს. ალენტეჟუს რეგიონი შეირჩა მისი მრავალფეროვანი რელიეფის, წყლის რესურსებისა და მშვიდი გარემოს გამო.
აღსანიშნავია, რომ რეზორტი ზოოპარკი არ იქნება – ჩვეულებრივ ვიზიტორებს აქ არ შეუშვებენ.