უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საწარმო ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით, 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საწარმო მზის პანელებს დაამზადებს და მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.
მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის გარანტი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
„ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე, ისეთ წარმოებებზე, რომელსაც აქვს საექსპორტო პოტენციალი, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ საქართველომ ადგილი დაიმკვიდროს, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. აღნიშნულ საწარმოში დასაქმდება 300 ადამიანი. ამასთან ერთად, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც დაგვეხმარება, შევძლოთ ჩვენი პერსონალისთვის უფრო მეტი საგანმანათლებლო მოდულების დაარსება ქუთაისში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორს პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, თუმცა ამავე დროს გრძელდება მოლაპარაკებები სხვა მსხვილ ეკონომიკურ პლატფორმებთანაც.
„უნდა შევძლოთ, რომ საქართველოს სავაჭრო რეჟიმი ჰქონდეს გაფორმებული ყველა მსხვილ ეკონომიკასთან და ამას აუცილებლად შევძლებთ ერთობლივი ძალისხმევით. მსურს მადლობა გადავუხადო ინვესტორებს, „ეი სოლარს“ გადაწყვეტილებისთვის, რომ სწორედ საქართველო შეირჩა ამ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის საწარმოებლად და აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა საზოგადოებას ჩემი გულისწადილი – დღეს მსოფლოში არის ძალიან ბევრი გამოწვევა, ამავე დროს საქართველოში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის მტკივნეული გამოწვევები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის სტრატეგია და ეროვნული იდეა, რომელიც განათლების სახით თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება 21-ე საუკუნეში ერთიანი, ძლიერი და მაღალ ტექნოლოგიებზე არსებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მზის ენერგიის მოდულების წარმოების კომპანია შპს “აე სოლარის” უახლესი საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული.
