ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში პრესტიჟულ ღონისძიებაზე „James Beard Foundation“ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.
ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით კულინარიულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონია „James Beard Foundation“, რომელიც წელს ჩიკაგოს ოპერაში გაიმართა, შეფმზარეულებისა და რესტორატორების გამორჩეულ მიღწევებს, ინოვაციებს, აგრეთვე კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებს ეძღვნება.

ღონისძიება 1986 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია ამერიკის რესტორნების ინდუსტრიის სტანდარტების სრულყოფისა და განვითარების ხელშეწყობა.
წელს „James Beard Foundation“-ის ცერემონიას 1500 სტუმარი, კვებისა და სასმელების ინდუსტრიისა და პრესტიჟული ამერიკული მედია ჰოლდინგების წარმომადგენელი დაესწრო.