„მე ვეპატიჟები ორივეს 15:00 საათზე, სადილად. მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოზიციას, რომ ორბელიანის სასახლეში სტუმრობამდე ის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პირისპირ უნდა შეხვდნენ.
მოკლე კომენტარით პრეზიდენტმა ხაზარაძე-გახარიასთან შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:
მამუკა ხაზარაძე: „მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს“
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, იგი პრეზიდენტის მიერ ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას აფასებს.
ინფორმაციისთვის, გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.
პრეზიდენტის წინადადება ორივე მხარემ გაიზიარა, თუმცა დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან პირისპირ შეხვედრის გარეშე პრეზიდენტთან მისვლა უპატივცემლობა იქნებოდა.