LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორობა რთულია: “დიდი ფიქრის” შემდეგ მიღებული შოთაძის გადაწყვეტილება

685
240763240

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმინა. გენერალური პროკურორის კანდიდატად იმავე თანამდებობის ყოფილი ხელმძღვანელი, იურისტი ირაკლი შოთაძე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა. შოთაძემ განმარტა, რომ მისთვის კონკურსში მონაწილეობის მიღება არ იყო ადვილი და  გადაწყვეტილება დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო.

„მინდა მადლობა გადავუხადო ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკადემიურ საბჭოს ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. წელიწადზე მეტია ვსაქმიანობ ამ უნივერსიტეტში, ჩემთვის დიდი პატივია ამ უნივერსიტეტის მხარდაჭერა. კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე, ვიცი რა ის პასუხისმგებლობა, რაც გენერალურ პროკურორს აკისრია, ზოგადად კანონის უზენაესობის, ქვეყნისა და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე. ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება ამ კონკურსში მონაწილეობაზე არ იყო მარტივი. როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის განმავლობაში მეკავა აღნიშნული თანამდებობა, რომელიც ვადაზე ადრე დავტოვე საკუთარი გადაწყვეტილებით, ასევე, საზოგადოდ ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით. თითოეული ჩემი დღე იყო მიმართული პროკურატურის გაძლიერებისკენ, მისი როლის განმტკიცებისკენ, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრების გზაზე. მთავარ პროკურორად მუშაობის განმავლობაში მქონდა ამ მიმართულებებით მთელი რიგი წარმატებები. ზოგადად რთულია გენერალური პროკურორობა,“ – განაცხადა შოთაძემ გასაუბრებაზე.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის კანდიდატია – კიდევ ერთი მეორედ მოსვლა

რაც შეეხება კინკურსის წესებს, გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე მეორე კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო ერთი კვირის ვადაში, იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g