საქართველოს პრეიზდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და რუსეთის თავდასხმებს მასობრივი განადგურების ომს უწოდებს.
სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ის ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სამხედრო თვალსაზრისით, უპირატესობა რუსეთს აქვს, რომელიც გამოვლინდება, მაგრამ უკრაინის მოქალაქეებისა და ლიდერების წინააღმდეგობა, მისი თქმით, აღმაფრთოვანებელია:
მისივე თქმით, პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა მათ ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას და გადაწყვეტილებას – შეინარჩუნონ სუვერენიტეტი:
“როგორც ჩანს, ის უბრალოდ რამდენიმე რეგიონის ანექსიას აღარ აპირებს. ახლა, როგორც ჩანს, ის მთელს ქვეყანას ანადგურებს. ეს არის მასობრივი განადგურების ერთგვარი ომი.
დღეს მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის “გეგმის მიხედვით” – მას არ დაუგეგმავს ასეთი წინააღმდეგობა უკრაინისგან. ის ცდილობდა თავისი ჯარით ფსიქოლოგიურად ემოქმედა და არ გამოუვიდა. უკრაინელი ხალხისა და ხელმძღვანელობის მონდომება და გამძლეობა ნამდვილად აღფრთოვანებულია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე:
“რუსეთის ყურადღება ერთხელ უკვე იყო მიპყრობილი საქართველოსკენ – ისტორიულად ასეთი რამ ძალიან ხშირად მომხდარა. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვართ ყურადღებიანები და შეშფოთებულები, რადგან გვაქვს საოკუპაციო ზოლი, საქართველოს 20% ოკუპირებულია.
ამ ორ რეგიონში რუსეთს ორი დიდი სამხედრო ბაზა აქვს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში დაიძრას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეცვლის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.
დღეს ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე როგორც მოლდოვამ, მანამდე კი უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების ტრიო ერთი და იმავე გზას მიჰყვება.
ასე რომ, პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.