“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და გიორგი გახარიას პარტიასთან კოალიცია გამორიცხულია და აცხადებს, რომ მმართველი პარტია იმასთან შეკრავს კოალიციას, ვისთანაც უფრო იაფად გამოვა.
ხვიჩია ამბობს, რომ “მათი ღირებულება ძვირია, ხოლო მათი კოლეგები უფრო იაფად იყიდებიან და ბაზარზე ფასს უგდებენ”:
“ეს არის წინასაარჩევნო რიტორიკა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ ზრახვებთან, იქიდან გამომდინარე, რომ კოალიციას გააკეთებ იმასთან, ვისთანაც გჭირდება.
წარმოიდგინეთ ხელისუფლებას აკლდება გახარიას ხმები და რას იზამს? მოღალატესთან არ გავაკეთებო კოალიციას და “ნაცებს” გადააბარებს ხელისუფლებას? ამიტომ “ქართული ოცნება” კოალიციას შეკრავს იმასთან, ვისთანაც აუცილებელი იქნება. ვისთან, დღეს ისინი არ იტყვიან, ჩემი აზრით, იმასთან შეკრავს კოალიციას, ვისთანაც უფრო იაფად გამოვლენ. ჩვენ ძვირი ვღირვართ, ჩვენი კოლეგები უფრო იაფად იყიდებიან და ბაზარზე ფასს გვიგდებენ.
აქამდე სულ ასე იყო და აწიც ასე იქნება. ჩვენ კონკრეტული საკითხით დავდივართ, რაც გვაინტერესებს და შესაცვლელია ამ ქვეყანაში, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმა, პოლიციის შერიფები და პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობა, რომელსაც თუ ვინმე გააკეთებს, მასთან კოალიციაში უნდა წახვიდე, აბა რისთვის ხარ, ეს რომ გააკეთო ამისთვის ხარ პოლიტიკაში, ოღონდ ჩემი კოლეგები ბევრად ნაკლებით კმაყოფილდებიან, ამიტომ “ქართული ოცნება” ამას მე არ შემომთავაზებს.” – აცხადებს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ორ ოპონენტ პოლიტიკურ პარტიასთან – “ნაციონალურ მოძრაობასთან” და გიორგი გახარიას ახალ გუნდთან კოალიცია გამორიცხულია.
კობახიძის განმარტებით, ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” აქვთ, მომავალშიც არ აღმოიფხვრება, გიორგი გახარიაზე საუბრის დროს კი აღნიშნა, რომ თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერ.