რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 4 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. როგორც რუსეთის პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, „მას დაუსწრებლად ბრალი ედება დაქირავებულ მებრძოლად შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ კითხვით მიმართავს, „რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გენერალური პროკურატურა ჩემს ექსტრადიციას მოითხოვს?“.
ელისაშვილის შეფასებით, ეს არის იმის დასტური, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებენ.
„რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჩემს წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ასევე, დონეცკის სეპარატისტულმა ანკლავმა, მისმა სასამართლომ დაუსწრებლად შემიფარდა პატიმრობა რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი იმის გამო გააკეთეს, რომ 3 წლის წინ, თვე ნახევრის განმავლობაში ვიყავი უკრაინაში და გმირი, თავგანწირული უკრაინელი ხალხის მხარდამხარ ვიბრძოდი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია იქ ბრძოლაც და ის გადაწყვეტილებაც, რაც დონეცკის სასამართლომ და რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა. დიახ, მეამაყება თავგანწირული უკრაინელი ხალხის გვერდით ბრძოლა და მეამაყება ის, რომ უკრაინაში ქართული სახელმწიფოს და ეროვნულ ინტერესებს ვიცავდი, როგორც შემეძლო ერთ მოქალაქეს და ერთ მეომარს. ვხედავთ, რომ უკვე 24 საათი გავიდა და ამ ამბავზე საერთოდ კომენტარს არ აკეთებს „ქართული ოცნება“. საერთოდ არ იმჩნევს ასეთ ამბავს, ვითომ არც არაფერი გაუგიათ და ვითომ არც არაფერი მომხდარა.
ამ დუმილის მიუხედავად, მინდა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს ვკითხო: რა აპირებენ და რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გენერალური პროკურატურა ჩემს ექსტრადიციას მოითხოვს, ანუ ქართულ სახელმწიფოს მოსთხოვს საქართველოს მოქალაქის დაპატიმრებას და რუსებისთვის გადაცემას. რას აპირებთ და რას მოიმოქმედებთ თქვენ ამ შემთხვევაში? ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყურადღებოა ეს ამბავი. თუმცა, მეორე მხრივ, ყველაფერი ძალიან ნათელია – ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ეს დუმილი არის იმის დასტური, რომ რუსული მხარე, რუსული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ მყოფი ეს არალეგიტიმური ხალხი მოქმედებენ სინქრონში, კოორდინირებულად და ისინი უკვე აღარც მალავენ, რომ მოკავშირეები არიან. რუსებს და „ქართულ ოცნებას აქვთ კოორდინირებული, მასობრივი შეტევა სწორედ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ“,-განაცხადა ელისაშვილმა.