LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული საფეიქრო კომპანიები სავაჭრო მისიებში იღებენ მონაწილეობას

87

საფეიქრო ინდუსტრიაში დასაქმებული ქართული კომპანიები 4-დან 8 სექტემბრის ჩათვლით მიუნხენში, ბერლინში და ჰამბურგში გამართულ სავაჭრო მისიაში იღებენ მონაწილეობას. ეს ყოველივე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ორგანიზებით ხორციელდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სავაჭრო მისიის ფარგლებში დაგეგმილია ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ინდივიდუალური შეხვედრების (B2B) ორგანიზება გერმანულ ადგილობრივ კომპანიებთან და არსებულ ბიზნესწრეებთან, რაც საშუალებას მისცემს ქართველ ექსპორტიორებს წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია, დაამყარონ ბიზნეს კონტაქტები და მოიძიონ პოტენციური პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნულ ღონისძიებაზე 5 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას, კერძოდ: შპს „ელსელემა“, შპს „იმერი“, „მოდელების სახლი მატერია“, შპს „ევროტექსი“ და “ემ-ფი-თი“.

უწყების ცნობითვე, სავაჭრო მისიის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ – ექსპორტის მიმართულების წარმომადგენლები გააკეთებენ მოკლე პრეზენტაციას იმ მექანიზმების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას, აღნიშნული სახის სავაჭრო მისიებში მონაწილეობით კი ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები