LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული საზოგადოება სხვა კერძებს რთულად იღებს და ახალი წელი მაინც ქართულად უყვარს: გურამ ბაღდოშვილი

249
Capture

“ავტორადიოს” დილის ეთერის სტუმარი იყო ცნობილი შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი, რომელმაც საახალწლო სუფრის შესახებ ისაუბრა.

 

ბატონო გურამ, როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

დღეს საახალწლო სუფრა ისეთია, ვისაც როგორი შესაძლებლობა აქვს. ვიცით, რომ ტრადიციული სუფრა გამორიცხულია გოზინაყის, გოჭის, ინდაურის, საცივის, ნუგბარის გარეშე. უბრალოდ, ისეთი პერიოდია, ორი წელი გაჩერებული ვიყავით სრულიად საქართველო, ფაქტობრივად ახალი წელი არ გვქონია. წელს იმედია, ცოტა უფრო ხალისიანი დღესასწაული გვექნება.

ხომ არ შეგიმჩნევიათ საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით რაიმე ახალი, საინტერესო სიახლე?

გასტრონომიის კუთხით ძალიან ღრმა კონსერვატორები ვართ და ქართულ საზოგადოებას ახალი წელი მაინც ქართულად უფრო უყვარს. მიუხედავად შეფების არაერთი მცდელობისა, სხვა კერძებს ძალიან რთულად იღებენ. მეც ბევრჯერ მსურდა სხვადასხვა კულტურის სამზარეულო შემომეტანა, მაგრამ ადამიანები უპირატესობას მამა-პაპურ სამზარეულოს ანიჭებენ.

რა შეიძლება ვურჩიოთ ვეგან თუ ვეგეტარიანელ ადამიანებს, როგორი შეიძლება იყოს მათი სუფრა?

ვეგანური სამზარეულო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ბოსტნეულისგან, სოიოსგან და ტოფუსგან შედგება, არც თუ ისე მარტივია. რჩევით ის შემიძლია ვურჩიო, რომ შეგვიძლია ღუმელში გამოვაცხოთ ბრინჯთან ერთად ბოსტნეული, გავაკეთოთ რატატუი სპაგეტით, ჩანახი ხორცის გარეშე. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა თევზის მოყვარულთა საზოგადოებაც და საახალწლო სუფრაზე ბევრი კერძი მზადდება თევზისგან.

საინტერესოა, თევზის თქვენეული რეცეპტი…

მე ძალიან მიყვარს ახალ წელს ქაშაყის ჭამა ან ოლივიე ორაგულით და თავზე წითელი ხიზილალით მორთული.
ვეგანებისთვის კიდევ ერთი იდეა მაქვს. შეგვიძლია, გამოვაცხოთ მოხარშული ბრინჯი ბოსტნეულით, ეს მასა ჩაიტენოს ბადრიჯანში და ფოლგაში გამოცხვეს. შემდეგ მოვამზადოთ პომიდვრის ცხელი საწებელი და ფანტასტიკური კერძი გამოგვივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები