LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი დიპლომატები სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

271
დიპლომატები მიშაზე

ქართველი დიპლომატები პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს და წერს, რომ ადრესატებს წერილის ინგლისური ვერსია უკვე გაეგზავნა.

მიმართვას „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ევროკავშირს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს და მათ საპარლამენტო ორგანოებს
ევროკავშირის, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს

ჩვენ, ყოფილი ქართველი დიპლომატები, ამ წერილით უკიდურესად საგანგაშო საკითხზე მოგმართავთ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესების ფონზე, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგები, რაც ავლენს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას.

„მისი მდგომარეობა საგანგაშოა. აშკარაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არასათანადოდ მოეპყრნენ და აწამეს“, – განაცხადა მედიცინის დოქტორმა, 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინაში, ექიმმა ჯეიმს კობიმ.

„მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება, თუ არ გადაიყვანენ დასავლეთის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობას მიიღებს“, – დასძინა ექიმმა კობიმ.

მას შემდეგ, რაც 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ახლა მას აქვს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც განუხრელად აუარესებს მის მდგომარეობას.

ამასთან, მედიკოსთა ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინა დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის კვალი. ამიტომ ექსპერტები მკაცრ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში შეერთებულ შტატებში ან დასავლეთ ევროპაში.

„პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცა სულ მცირე 14 სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატი, რომელთაგან ზოგიერთს არ აქვს ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს ავტორიზაცია“, – განაცხადა მედიცინის დოქტორმა, შეერთებული შტატების წამყვანმა ტოქსიკოლოგმა დევიდ ე. სმიტმა.

„ამ პრეპარატების მომაკვდინებელმა კომბინაციამ გამოიწვია ტვინის დისფუნქცია, მათ შორის, თეთრი ნივთიერების ატროფია პრეფრონტალურ კორტექსში, რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მაკონტროლებელ ფუნქციაზე, და გაზარდა ავადობის და სიკვდილიანობის რისკი. ამიტომ აუცილებელია ამ წამლებისგან დაუყოვნებელივი დეტოქსიკაცია“, – დასძინა დოქტორ სმიტმა.

2 დეკემბერს, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატთა გუნდმა, მათ შორის, მასიმო ფ. დ’ანჯელომ, ამერიკული საადვოკატო კომპანია „აკერმანის“ ადვოკატმა საქართველოს სასამართლოს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გადავადებისა და საქართველოდან უცხოეთში სასწრაფოდ გადაყვანის მოთხოვნით.

„სააკაშვილთან იყენებენ 14 დასახელების რუსულ წამალს, რომლებიც წამლის სააგენტოს მიერ დადასტურებული არ არის“ - ადვოკატი

„სააკაშვილთან იყენებენ 14 დასახელების რუსულ წამალს, რომლებიც წამლის სააგენტოს მიერ დადასტურებული არ არის“ - ადვოკატი

პრეზიდენტ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის ნების დართვა იქნება პირველი ნაბიჯი, რაც ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ჩარევის შიშისგან თავისუფალი, დასავლური სტანდარტის კვლევების ჩატარებისა და მკურნალობის საშუალებას მისცემს.

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციით დადგინდა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი რეჟიმის პოლიტპატიმარია. ის უნდა გათავისუფლდეს. როდესაც საქართველო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ევროპის მთელი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, მოვლენათა დღევანდელი განვითარება აბსოლუტურად მიუღებელია.

ჩვენ, ყოფილ ქართველ დიპლომატებს, გვსურს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ და მოვუწოდებთ შესაბამის მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დღევანდელ მდგომარეობაზე რაც შეიძლება მკაცრი რეაგირება მოახდინონ.“ – ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.

რაც შეეხება მიმართვის ავტორებს, ესენი არიან:

  1. გიორგი ბადრიძე, ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში; საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის უფროსი მკვლევარი
  2. დავით ბაქრაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პარლამენტის წევრი
  3. გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი; Strategy International-ის საბჭოს წევრი
  4. კონსტანტინე გაბაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, მალტაში, სან-მარინოში, FAO, IFAD, WFP, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, განათლების ყოფილი მინისტრი, თბილისის ყოფილი მერი; მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში
  5. მამუკა გამყრელიძე, ყოფილი ელჩი ჩინეთში, მონღოლეთში, ვიეტნამში; საქართველოს ევროპელი დემოკრატების პარტიის გენერალური მდივანი
  6. პაატა გაფრინდაშვილი, ეუთოში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი; საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი (GRASS)
  7. გიგი გიგიაძე, ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი
  8. თორნიკე გორდაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი
  9. ნიკოლოზ ვაშაკიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე; საქართველოს ევროპელი დემოკრატების პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე
  10. გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი; პარლამენტის წევრი
  11. თემურ იაკობაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ყოფილი ელჩი აშშ-ში; ვაშინგტონში დაფუძნებული „აღორძინების ფონდის“ პრეზიდენტი
  12. სერგი კაპანაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; GRASS-ის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე
  13. ზურაბ კვაჭაძე, ყოფილი გენერალური კონსული ოდესასა და დონეცკში (უკრაინა)
  14. გიორგი კუბლაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში; IVERIA-ს დამფუძნებელი
  15. ტარიელ ლებანიძე, ყოფილი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში
  16. ალექსანდრე ლომაია, საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი
  17. ეკატერინა მაირინგ-მიქაძე, ყოფილი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში; კიოლნის საკრებულოს ადმინისტრაცია
  18. გრიგოლ მგალობლიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში
  19. ლევან მეტრეველი, MD, PhD, MPH, საქართველოს ყოფილი ელჩი რუმინეთში, მოლდოვაში, კანადაში, ბულგარეთში; საქართველოს უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის პროფესორი
  20. ნინო ნაკაშიძე, დოქტორი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩეხეთში; ტელეკომპანია მთავარი გენერალური დირექტორის მოადგილე
  21. ალექსი პეტრიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთში; საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის უფროსი მკვლევარი
  22. მამუკა ჟღენტი, ევროპის საბჭოში ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი; საქართველოს ევროპული ღირებულებების ინსტიტუტის დამფუძნებელი
  23. სალომე სამადაშვილი, საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირში, ყოფილი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში; პარლამენტის წევრი, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი
  24. დავით სიხარულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; თავდაცვის ყოფილი მინისტრი; საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე
  25. ეკა ტყეშელაშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი; საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი
  26. ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე; საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დამფუძნებელი
  27. შოთა ღვინერია, საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი
  28. ვალერი ჩეჩელაშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ყოფილი ელჩი უკრაინაში, ყოფილი ელჩი რუსეთში, BSEC-ის ყოფილი გენერალური მდივანი, სუამის ყოფილი გენერალური მდივანი; ევროპის ლიდერთა ქსელის წევრი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის საბჭოს წევრი
  29. ზურაბ ჭიაბერაშვილი, ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ყოფილი ელჩი შვეიცარიაში და ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟენევაში; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  30. გია ჯაფარიძე, ყოფილი ელჩი კვიპროსში; ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის უფროსი მკვლევარი
  31. ნათია ჯაფარიძე, ყოფილი ელჩი საფრანგეთში და მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ყოფილი დირექტორი; ისტორიისა და მემკვიდრეობის ექსპერტი გროის მუზეუმში, საფრანგეთი

პოპულარულები