„სამწუხაროდ, ქცევის წესების ცვლილებას ვერ ვატყობ ვერც რადიკალურ ხელისუფლებას და ვერც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს. ამ სიტყვებს შემთხვევით არ ვიმეორებ. ძალიან გააზრებულად ვარქმევ ერთსაც და მეორესაც ამ ტერმინს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლას გავაჩერებთ, ან დავიღლებით, ან მოგვბეზრდება“, – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა, რომელმაც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, დაიწყონ ერთობლივი მუშაობა დათქმების შესრულებისათვის.
გადაცემაში „დღის თემა“ დეპუტატი ამბობს, რომ პარტია პარლამენტში შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
„ჩვენი გუნდი ბოლომდე გააგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესისთვის ბრძოლას, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლები შეზღუდულია, მაგრამ რაც შეგვეძლება მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში დროულად მივაღწიოთ შედეგს, რასაც ჰქვია უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, უკეთესი განათლების სისტემა.
დასაქმების პრობლემის მინიმუმამდე დაყვანა. უკეთესი პირობები ჩვენი მოხუცებისთვის, უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის. მე ამ შემთხვევაში როგორც მოქალაქე ვამბობ და არა როგორც პოლიტიკოსი. დიახ მეჩქარება, მე, ანა ბუჩუკურს, რომ დროზე მოხდეს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება“ – განაცხადა ბუჩუკურმა.
რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში დეპუტატმა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ამ თემით „ქართული ოცნება“ სპეკულირებს.
„ბოლო კვირების განმავლობაში იმის ნაცვლად, რომ სამუშაო პროცესი მიმდინარეობდეს პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების და დათქმების შესასრულებლად ოცნება ორი რამით ერთობა.
ის [„ქართული ოცნება“] რეკლამას უკეთებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ფაქტობრივად საზოგადოებას არწმუნებს, რომ ნაცმოძრაობაა ერთადერთი ოპოზიცია ამ ქვეყანაში. ჩვეულებრივი კოჰაბიტაციაა მათ შორის. მეორე, რითაც ოცნების ხელისუფლება ერთობა არის „ფეიკ“ კვლევები.
ამ სპეკულაციების დასასრულებლად ასწიონ 7 პროცენტამდე ბარიერი, კი არ დასწიონ. ან გაჩერდნენ. ჩვენს გუნდს ამის შიში და პრობლემა არ აქვს“. – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.