LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქერა პორშეზე: საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი რალი გაიმართება

68

თავგადასავალი იწყება – 26 მაისიდან 2 ივნისამდე საქართველო კლასიკური ავტომობილების რალის უმასპინძლებს.

იდეა ზოი უიტაკერს ეკუთვნის, რომელიც რბოლებში ჯერ კიდევ თინეიჯერობიდან მონაწილეობს და ფორმულა 1-ში რამდენიმე წელი აქვს გატარებული. მას ერგო პატივი, რომ უამრავი საოცნებო ავტომობილის, დაწყებული კლასიკური 1957 წლის D-type Jaguar-დან თანამედროვე Porsche GT4-მდე საჭე გამოეცადა და ყველა ავტომოყვარულისთვის დიდი სტიმული მიეცა.

ზოის ახალი თავგადასავლი საქართველოს უკავშირდება. ის კლასიკურ Porshce-ს საქართველოში 2018 წლის მაისში ჩამოიყვანს. ზოი მთელ ქვეყანას მოივლის და თავის მოგზაურობაში ყველა ვინტაჟური ავტომობილის მფლობელს ეპატიჟება.

ის მზადაა, რომ საქართველოს ტრადიციები, კულტურა, ბუნება და ჯერ კიდევ აუთვისებელი გზები აღმოაჩინოს. მსგავსი რალი ქვეყნის ისტორიაში პირველად ტარდება, ის თბილისიდან დაიწყება და საბოლოო წერტილიც თბილისივე იქნება. რბოლის მონაწილეები გზადაგზა სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს, ისტორიულ ქალაქებსა და სოფლებს მოინახულებენ.
ზოის მთავარი მიზანი საქართველოს უკეთ შესწავლა, სტუმართმოყვარე ხალხის, უნიკალური ტრადიციების, უგემრიელესი სამზარეულოს და ღვინის დაწურვის უძველესი მეთოდის გაცნობაა.

რალის მარშრუტი საქართველოს საავტომობილო ფედერაციასთან და სატრანსპორტო უსაფრთხოებასთანაა შეთანხმებული. რალი 4 დღე და 3 ღამე გაგრძელდება, ის 700 კმ-ს მოიცავს და საბოლოოდ ყველაფერი საზეიმო, საქველმოქმედო ვახშმით დასრულდება.

თბილისი-სიღნაღი-თელავი
მანძილი: 168 კილომეტრი
ხანგრძლივობა: 3 საათი და 25 წუთი


თელავი-წალკა-ახალქალაქი

მანძილი: 265 კილომეტრი
ხანგრძლივობა: 5 საათი და 39 წუთი


ახალქალაქი-ხერთვისი-ვარძია

მანძილი: 44 კილომეტრი
ხანგრძლივობა: 52 წუთი


ვარძია-ბაკურიანი-ბორჯომი

მანძილი: 117 კილომეტრი
ხანგრძლივობა: 3 საათი და 15 წუთი

ლიკანი-ახალციხე-ადიგენი
მანძილი: 74 კილომეტრი
ხანგრძლივობა: 1 საათი და 17 წუთი

 

ზოი უიტაკერი საქართველოში გასულ წელს იმყოფებოდა. გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას მან განაცხადა:

„საფრანგეთში არის ცნობილი „ლე მანის 24 საათიანი“ რბოლა. ერთ-ერთი წევრი მეც გახლავართ. ჩვენთან ერთად ასევე არის ქართველი მრბოლელი ბერდია ყამარაული. ერთ-ერთი შეკრების დროს გადავწყვიტეთ პიკნიკზე წავსულიყავით და ღვინო გვეყიდა. გზად სუპერმარკეტში შევიარეთ, სადაც ღვინის ძალიან დიდი არჩევანი იყო. ბერდიამ ამდენი ფრანგის გარემოცვაში იკითხა, რატომ ვსვამდით ფრანგულ ღვინოს, როდესაც ქართული ღვინო არსებობსო. ისიც კი თქვა, რომ ქართულ ღვინოს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე ფრანგულს. მისი სიტყვები შუაგულ საფრანგეთში ძალიან დამაინტრიგებლად ჟღერდა და გადავწყვიტე, ღვინოს დაგემოვნებასთან ერთად, საქართველო ავტომობილით დამეთვალიერებინა. ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ არაერთი სტატია მინახავს, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა“.

 

კითხვაზე, რა ავტომობილს მართავს, ზოი პასუხობს: „1957 წლის პორშე მყავს. ბევრს უკვირს როგორ ვმართავ ძველ ავტომობილს. მეტსახელიც მაქვს – ქერა ძველ პორშეზე“.

ზოი უიტაკერი დიდ ბრიტანეთში დაიბადა და ბავშვობიდან ავტომობილებით იყო გარშემორტყმული. მან მთელი თინეიჯერობა მამასთან ერთად კლასიკური ავტომობილების რალებზე გაატარა. ზოი ძირითადად ნავიგატორის როლს ასრულებდა, ხოლო როგორც კი მართვის უფლება მოიპოვა, მაშინვე საჭეს მიუჯდა და მძღოლის უნარების განვითარება დაიწყო.

ზოის გამოცდილება კლასიკური ავტომობილების სიყვარულთან ერთად იზრდებოდა. გოგონას ენთუზიაზმა შედეგი გამოიღო, სულ მალე ის RAC/CHryslet rallies-ის ნაწილი გახდა. ამას მოყვა Alpine Challenge rally და პარიზი-მარაკეშის რალი.

ზოის 2018 წლისთვისაც დიდი გეგმები აქვს. შემდეგ, 2019 და 2020 წლებში ის ჩინეთსა და სამხრეთ ამერიკას მოივლის. ტურის საბოლოო მიზანი 20-მდე ქალაქისა და 20 ათასამდე მილის გავლაა.

დღეს პრესკონფერენცია სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა. ზოი ვიტაკერმა ქართველ ორგანიზატორებთან ერთად დაგეგმილ რალიზე ისაუბრა. ცნობილი გახდა, რომ ზოის კლასიკური „პორშეს“ თანამგზავრი „საქართველოს ავიახაზების“ რარიტეტული თვითმფრინავიც იქნება (1986 წლის An-2), რომლის პილოტიც ასევე ქალბატონია.

რარიტეტული ავტომობილების გარბენზე სპეციალური დოკუმენტური ფილმი მომზადდება, რომელსაც ბრიტანეთის საავტომობილო სამეფო კლუბში აჩვენებენ.
სპეციალურად კლასიკური ავტომობილების რბოლისთვის მობილური აპლიკაციაც შეიქმნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები