LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქვეყანას ექნება ახალი გზები, აეროპორტები და 40 000 სამუშაო ადგილი”

38

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ყველაზე მსხვილი კომპონენტი სივრცითი მოწყობის 2017 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

პროექტის პრეზენტაციამდე გეგმასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ხედვა გარდამტეხ როლს შეასრულებს საქართველოს სწრაფ განვითარებასა და წინსვლაში, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის მოსახლეობისთვის.

მისივე თქმით, მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის მასშტაბური კომპონენტია სივრცითი მოწყობა, რაც გულისხმობს იმას, რომ 1000 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა–რეკონსტრუქცია მოხდება, ასევე 500 000 აბონენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

„გარდა ამისა, გადაწყდება ნაგავსაყრელების პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით და 2500 პროექტისთვის 2017 –2020 წლებში 10 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. მხოლოდ 2017 წელს კი მილიარდ ორას სამოცი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, სივრცითი მოწყობის ფარგლებში ქვეყანას ექნება ახალი გზები, მაგისტრალები, აეროპორტები, ხიდები და გვირაბები და  40 000 სამუშაო ადგილი.

სამინისტროს ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიც ზურაბ ალავიძეც წარსდგა.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, განსაზღვრულია ის მიდგომები, რომლითაც ქვეყნის ყველა მოქალაქე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებს მიიღოს განათლება, დასაქმდეს და თავად დაასაქმოს. მისივე თქმით, სრული დატვირთვით ამუშავებული და განვითარებული ინფრასტრუქტურა მოსახლეობას არსებული შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მისცემს.

ალავიძის თქმით, აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

სასტუმრო „რედისონ  ბლუ ივერიაში“ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას როგორც აღმასრულებელი ასევე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.