LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში, შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია – ტუბერკულოზის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სახელმწიფო პროგრამის შედეგები განიხილეს

114
მიხეილ სარჯველაძე

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიება გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. კონფერენციაზე, სახელმწიფოს მხრიდან, დაავადების დასაძლევად გაწეული ძალისხმევის შესახებ იმსჯელეს და ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის შედგები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო, ამ მიმართულებით, სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში, შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია; სახელმწიფოს ძალისხმევით, ქვეყანამ შეძლო რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევების 70%-მდე შემცირება.

საქართველოში, ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევებს და ასევე – სამკურნალო მედიკამენტებს, მკურნალობის სრული კურსის განმავლობაში.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას, პაციენტის მხრიდან. 2024 წელს, ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 8 515 000 ლარით დაფინანსდა – 35 404 სამედიცინო მომსახურება.

ქვეყანაში, დანერგილია ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკის და ხანმოკლე რეჟიმებით მკურნალობის, უახლესი მეთოდები, რამაც ხელი შეუწყო მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას; გაფართოვდა ტუბერკულოზური ინფექციის პრევენციული მკურნალობა; დანერგილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპიუტერული რენტგენო-დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც ხელს უწყობს ტუბერკულოზის დროულ გამოვლენას, ზოგადი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში; მიმდინარეობს ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენისთვის სკრინინგი რისკ-ჯგუფებში, რენტგენო-დიაგნოსტიკური სისტემით აღჭურვილი ავტომობილის გამოყენებით.

2025 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის სლოგანია – „დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი“. ტუბერკულოზის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მ.შ. პაატა იმნაძე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე. კონფერენციას, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისა და სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g