LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის არტ-თერაპია და როგორ გვეხმარება ის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

395
ვერიკო-გოჯიაშვილი

რა არის არტ-თერაპია და როგორ გვეხმარება ის – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრა.

რა არის არტ-თერაპია?

ხელოვნება რომ თერაპიაა, ამაზე აღარც კი ვდაობთ. ხელოვნების თითოეული მიმართულება, ეს იქნება მხატვრობა, მუსიკა, ლიტერატურა, ძერწვა, თეატრი, კინო, ბალეტი თუ ოპერა, საშუალებას იძლევა ადამიანმა ცნობიერად თუ არაცნობიერად გამოხატოს თავისი განცდები, ემოციები, განიტვირთოს და გათავისუფლდეს. ამ პროცესში შესული ადამიანი ხან აცნობიერებს და ხან ვერც კი აცნობიერებს, როგორ მოედინება მისგან სიღრმისეული ემოციები, შეგრძნებები.

ალბათ ხშირად გსმენიათ: – ხატვამ დეპრესიიდან გამომიყვანა; მუსიკამ გადამარჩინა; დღიურებს ვწერდი და ამით ვთავისუფლდებოდი… დიახ, ეს შემთხვევითი როდია. ხელოვნება ფსიქოთერაპიის დარგად უკვე საუკუნეა ჩამოყალიბდა. არის ასეთი მცდარი მოსაზრება, თითქოს არტთერაპია მხოლოდ ბავშვებში გამოიყენება და მხოლოდ პატარებთანაა ეფექტური. ეს მოსაზრება უვიცობიდან მომდინარეობს. არტთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ეფექტური დარგია და წარმატებულად მუშაობს როგორც ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებშიც. მე, პირადად არტ-თერაპიას თერაპიულ იარაღად უკვე 15 წელია ვიყენებ, თუმცა შედეგის ეფექტურობისთვის პარალელურად ასევე ვურთავ და ვეყრდნობი სხეულზე ორიენტირებულ თერაპიას, ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას (ე.წ. NLP), კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, ფსიქოსინთეზს და სხვა მიმართულებებს, მაგრამ ადამიანის არაცნობიერი პროგრამების გასახსნელად, დღის სინათლეზე ამოსატანად, გასაცნობიერებლად და შესაცვლელად არტ-თერაპია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უმტკივნეულო იარაღია.

რა ხდება პროცესზე?

როცა თერაპიაზე მოსული ადამიანი იწყებს ხატვას, მაგიდასთან დაჯდომისთანავე იწყება მასზე დაკვირვება და ინფორმაციის შეგროვება მისი დიაგნოსტირებისთვის. დასაკვირვებელია მისი ჯდომის და ხატვის მანერა, შფოთვა, რომ ხატვა არ იცის, რომ უშნოდ და უნიჭოდ ხატავს, შემდგომ უკვე ფერების შერჩევა, ხაზის პროექცია ერთფეროვნება თუ მრავალფეროვნება, ფურცლის მთლიანი თუ ნაწილობრივი ათვისება, ფურცლის რომელ ნაწილშია ნახატი შესრულებული, ფერთა კომბინაციები და უამრავი სხვა დეტალი ჯერ კიდევ ხატვის პროცესში, უამრავი სხვა შტრიხი, რაც გვაჩვენებს ადამიანის არაცნობიერ პროგრამებს, რითაც ესა თუ ის პიროვნება ცხოვრობს და მოქმედებს.

შემდგომ რაციონალურად ხდება ამ შიდა პროგრამების გააზრება-გაანალიზება და ცვლილება ნახატზე. არტ-თერაპია იმით არის ერთ-ერთი ეფექტური და უმტკივნეულო მიმართულება, რომ ჩვენ არ გვიწევს კლიენტთან დავალებების მიცემა, როგორ მოიქცეს ხვალ და ზეგ. ის მხოლოდ ცვლის ნახატს, ნახატი ცვლის განწყობას და განწყობა კი ცვლის ქცევას.

ცვლილება, რაც მან ნახატზე გააკეთა მექანიკურად გადადის ქცევებში, რომ მას არ უწევს საკუთარ თავზე ძალდატანება, რომ ხვალ თუ ზეგ ასე აღარ იფიქროს, სხვანაირად მოიქცეს და სხვაგვარად იმოქმედოს.

შეცვალო ნახატი ნიშნავს შეცვალო შენი შინაგანი პროგრამა. წლებმა გვაჩვენა, რომ კურსის დასრულების შემდგომ შიდა თერაპიული პროცესი ისევ გრძელდება, გრძელდება მათი პიროვნული ზრდა და გაჯანსაღება. ადამიანი იწყებს და სწავლობს საკუთარი თავის შეცნობას, გააზრებას, ემოციების მართვას, ზრდის თავის ემოციურ ინტელექტს, იკვებება დადებითი იმპულსებით, იძენს საკუთარ თავთან და გარემოსთან ურთიერთობის მრავალფეროვან ბერკეტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები