მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად ემზადებიან.
დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატების გარდა მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პირი, რომლებიც ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ექსპერიმენტში საკუთარი სურვილით იღებენ მონაწილეობას და საქმის ფიგურანტები არ არიან.
კობაიძის თქმით, ექპერიმენტის ერთი ნაწილი ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებას მიეძღვნება, მეორე კი – ე.წ. ფერად სახლთან განვითარებულ მოვლენებს.
კობაიძის განცხადებით მწვანე სახლს, სადაც ბრეგვაძე იმალებოდა და ამ ტერიტორიას შორის ძალიან დიდი დაახლოებით ნახევარ კილომეტრიანი დაშორებაა, თუმცა ბატონ ბრეგვაძეს ამოჩემებული აქვს, რომ ყველაფერს ხედავდა და აკონტროლებდა,რაც ძალიან არარეალურად ჟღერს მითუმეტეს სიბნელეში და პლუს ამას, გაარჩიო პიროვნებები.
ექსპერიმენტის დროს მიიყვანენ გარეშე პირებს და მათი მეშვეობით რეალურ სურათს ასახავენ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.