მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაჩნდა.
რატომ და რისთვის ჩამოვიდა, რატომ დაიწყო ციხეში შიმშილობა, რა იყო ცისფერ პარკში, რომლის წაღებაც მიხეილ სააკაშვილმა მის დასაჭერად მისულ პოლიციელებს სთხოვა.
ასევე, გაჩნდა მინიშნებები მის ნარკოდამოკიდებულობაზე.
გაჟღერდა არაერთი ვარაუდი, მათ შორის ის, რომ იგეგმება სააკაშვილის ფიზიკური განადგურება.
ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ “ვერსია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულია”. როგორც ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ მის მიერვე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, ეს რომ სააკაშვილს სდომოდა, „ქურდულად კი არა, ციხეში ვაჟკაცურად ჩაჯდებოდა.“
პრემიერი მიიჩნევს, რომ როდესაც სააკაშვილი საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა.
„როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა,“- მიიჩნევს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სააკაშვილის თანხმობით მან ის დაავადება დაასახელა, რომელიც მესამე პრეზიდენტს აქვს.
ახლობლები და მეგობრები შიშობენ, რომ ამ დაავადების ფონზე ექსპრეზიდენტის ციხეში შიმშილობა შესაძლოა, ცუდად დამთავრდეს.
“მიშას აქვს სისხლის დაავადება, თალასემია. მე არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიაში და დღეს მომცა ამის გასაჯაროების უფლება. ამ სისხლის დაავადების დროს არ შეიძლება შიმშილი. მისი მდგომარეობა გაუარესდა. 2 დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ახლა უფრო რთულადაა საქმე. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი და ასე შემდეგ”, – განაცხადა პირადმა ექიმმა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ნახსენები ცისფერ პარკში სწორედ ის წამლები იყო, რომელიც ამ დაავადების დროს სჭირდებათ ადამიანებს. სააკაშვილის თანამებრძოლები შიშობენ, რომ დღეში რამდენიმე აბის მიღება იმ ფონზე, როდესაც ადამიანი შიმშილობს, შესაძლოა ფატალური შედეგის მიზეზი გახდეს.
„ფორტუნამ“ მოიძია ინფორმაცია დაავადებაზე, რომელიც მესამე პრეზიდენტს აქვს.
თალასემია მემკვიდრეობით ანემიათა არაერთგვაროვანი ჯგუფია. კლინიკური მნიშვნელობა აქვს ბეტა და ალფა თალასემიებს. ბეტა-თალასემია განპირობებულია ცილა გლობინის ბეტა-ჯაჭვის სინთეზის დაქვეითებით ან არარსებობით, ხოლო ალფა-თალასემია – ალფა-ჯაჭვისა. თალასემია ყველა კონტინენტის მოსახლეობაში გვხვდება, განურჩევლად რასისა. ბეტა-თალასემიას ხმელთაშუა ზღვის ანემიასაც უწოდებენ, რადგანაც უპირატესად ამ ზღვის აუზის ქვეყნების მოსახლეობისთვის არის დამახასიათებელი.
გავრცელებულია აზერბაიჯანში, საქართველოში, შუა აზიაში, განსაკუთრებით ტაჯიკეთში. რაც შეეხება ალფა-თალასემიას, ის ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოსახლეობაში გვხვდება.
ჰემატოლოგები ამბობენ, რომ ეს დაავადება მთელ რიგ შემთხვევებში სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს და პაციენტმა შესაძლოა დიდხანს, მედიკამენტების გარეშეც იცხოვროს. თუმცა ასევე მთელ რიგ შემთხვევებში, პაციენტს სჭირდება მედიკამენტების მუდმივი მიღება და სისხლის რეგულარულად გადასხმასაც.
რა შეიძლება მოხდეს, თუ თალასემიით დაავადებული ადამიანი იშიმშილებს:
ჰემატოლოგი, ლევან მახალდიანი “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ თალასემიის მქონე პაციენტები შიმშილობის დროს შესაძლებელია სწრაფად გახდნენ ცუდად.
„ყველაზე დიდი საშიშროება ასეთი მოშიმშილე პაციენტის შემთხვევაში, შესაძლოა იყოს ჰემოლიზური კრიზი, ანუ – შესაძლოა სწრაფად დაიშალოს სისხლის წითელი ბურთულაკები (ერითროციტები) და მკვეთრი ანემია განვითარდეს, ანუ სისხლნაკლებობა. კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი სტრესული სიტუაცია – იქნება ეს შიმშილი თუ ფსიქოემოციური სტრესი – იწვევს ერითროციტების დაშლის გაძლიერებას…
შეიძლება ერთ დღეში დაიშალოს, შეიძლება დღეები დასჭირდეს. ვიტამინოთერაპიაა ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც საკვებს არ იღებს ადამიანი, მოკლებულია ვიტამინების მიღებას. ასეთი პაციენტისთვის კატეგორიულად მიუღებელია შიმშილობა“, – ამბობს ექიმი.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რადგან პატიმარი სააკაშვილი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება მიმდინარეობს. მათი ინფომაციით, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ღარიბაშვილი: როდესაც ადამიანი აცხადებს რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს
მიხეილ სააკაშვილმა ციხის ადმინისტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა: ეკა ხერხეულიძე
ბოლო პერიოდში ადვოკატის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დაკავებიდან 12 დღეში 12 კილო დაიკლო.