LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სერვისებს შესთავაზებს ბიზნესს “მომსახურების ერთიანი სივრცე”

107

საქართველოს მთავრობამ  დაამტკიცა „ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგია,“ რომელიც    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მთავრობის მიერ  ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი.  “უკვე დაკონტრაქტებულია კომპანია, რომელიც აკეთებს იმ შენობის დიზაინს და კონცეფციას, სადაც ერთიანი სერვისცენტრი განთავსდება ბიზნესის წარმომდგენლებისთვის. ასევე მიმდინარეობს ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება.  ამ მიმართულებით ძალიან გვეხმარება ესტონეთის მთავრობა ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ფარგლებში“ – განაცხადა  ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, სტრატეგიაზე სპეციალურმა ჯგუფმა იმუშავა, რომელმაც განახორციელა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ბიზნეს სექტორისთვის გაწეული ყველა მომსახურების აღწერა და ანალიზი. ამის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში არსებობს 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი, რომელიც განკუთვნილია ბიზნესსექტორის მომსახურებისთვის. შესაბამისად, ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიის ფარგლებში,  ყველა ეს სერვისი მოექცევა ერთ სივრცეში – ერთ შენობაში და ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე.

“პროექტი მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიზნესსექტორს  მათთვის საჭირო სახელმწიფო სერვისებზე წვდომას, რაც, თავისთავად, კიდევ უფრო მეტად  შეუწყობს ხელს  ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ბიზნესსექტორს აწვდის რაიმე სახის სერვისსა და მომსახურებას,”- აღნიშნა მინისტრმა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  პროცესები  იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და სწრაფი, პროცესისის ინიცირებისთვის ბიზნესის წარმომადგენელისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაცია იყოს მინიმალური, ხოლო სერვისები მუშაობდეს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.

„ასევე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი „მხოლოდ ერთხელ“ (Only Once ), რომლის მიხედვით სახელმწიფო უწყებებს, საბოლოო ჯამში,  ექნებათ უფლება მხოლოდ ერთხელ მოთხოვონ კერძო სუბიექტს ინფორმაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კერძო სექტორის წარმომადგენელს ერთხელ მაინც აქვს თავის თავზე მიწოდებული ინფორმაცია, სახელმწიფო უწყებები ვალდებულები იქნებიან ეს ინფორმაცია ერთმანეთის შიგნით მოიძიონ, რაც მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საოპერაციო დანახარჯებს. ასევე შემოდის ახალი მოთხოვნა  „უპირობოდ ციფრული“ (Digitaly by Default), რაც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების ვალდებულებას, მოახდინონ მათთან არსებული ყველა სერვისის თანმიმდევრულ ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ერთიან სივრცეში მოქცეული სერვისების წარმატებით ფუნქციონირებისთვის მოძიებული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები, აშენდება შენობა,  შეიქმნება ვებ-პორტალი და ყველა პირობა იმისთვის, რომ ბიზნესმა მარტივად და სწრაფად მიიღოს სახელმწიფოსგან მისთვის საჭირო ყველა მომსახურება.

 

mazda magti 5g