გაერთიანებულ სამეფოს ახალი პრემიერი ჰყავს. ლიზ ტრასი 6 სექტემბერს ინგლისის დედოფალს შეხვდება და ამის შემდეგ ის ბრიტანეთის პრემიერად ოფიციალურად დაინიშნება.
ვინ არის ბრიტანეთის ახალი პრემიერი, რატომ წავიდა თანამდებობიდან მისი წინამორბედი ბორის ჯონსონი, რა პოზიციას დაიკავებს რუსეთ-უკრაინის ომში.. ესაა კითხვები, რომელიც ლიზ ტრასის პრემიერად დანიშვნას მოჰყვა.
პრემიერად მისი დანიშვნის პირველი განცხადება გადასახადებს ეხებოდა:
- ტრასმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე მოსვლის პირველივე დღიდან გადასახადების შემცირებას დაიწყებს.
ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ კი განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საელჩომ ლიზ ტრასის კიევში ვიზიტისთვის მზადება უკვე დაიწყო.
„ფორტუნამ“ ბრიტანეთის ახალ პრემიერზე საინტერესო ამბები მოიძია.
პრემიერის სრული სახელია – მერი ელიზაბედ ტრასი. დაიბადა 1975 წლის 26 ივლისს ოქსფორდში.
ბავშვობა ლიდსში, ბრიტანეთის სიდიდით მეხუთე ქალაქში გაატარა.
დედამისი პრისცილა მერი ტრასი – მედდა და მასწავლებელი იყო, მამა ჯონ კენეტი მათემატიკის პროფესორი იყო.
ლიზა ლიდსის სკოლაში სწავლობდა, მოგვიანებით ცოტა ხნით შოტლანდიაში, შემდეგ კი კანადაში ცხოვრობდა. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ კი ოქსფორდის უნივერსიტეტში ფილოსოფია, პოლიტიკა და ეკონომიკა შეისწავლა.
1996 წელს შევიდა კონსერვატიულ პარტიაში. 2021 წლის 15 სექტემბრიდან 2022 წლის 6 სექტემბრამდე გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ჯონსონი გადადგა, რუსეთი ხარობს - რა მოხდა რეალურად და რა შეიცვლება უკრაინასთან მიმართებაში
"მან ტყუილი თქვა, ეს საჯარო გახდა, ბრიტანულ პოლიტიკაში ტყუილს არავის აპატიებენ" - "გამორიცხული არ არის, რომ რაღაც რუსულ ამბავს შეეწირა, კონსპირაციებში არ შევალ"
ბრიტანეთის პრემიერად გახდომამდე მის შესახებ ბევრს წერდა უცხოური მედია.
Politico-ს ევროპული გამოცემა, (რომლის რედაქციის ოფისი ბელგიაში იმყოფება) მის შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – “ლიზ ტრასი მთელ მსოფლიოს სძულს?“.
სტატიაში საუბარი იყო, როგორ აფასებენ სხვადასხვა ქვეყნები ლიზ ტრასს.
„აშშ-ში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ზოგადად, დემოკრატები საკმაოდ განაწყენებულნი არიან ლიზ ტრასის დამოკიდებულებით ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართ.
გავლენიანი დემოკრატების, მათ შორის – თვითონ ჯო ბაიდენისა და წარმომადგენლების პალატის სპიკერის – ნენსი პელოსის აზრით, ლიზ ტრასისეული “ოქმი” ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი ძალისხმევით მოპოვებულ მშვიდობას დაარღვევს.
ლიზ ტრასი უკიდურესად ნეგატიურად არის განწყობილი ჩინეთისადმი. მან არა ერთხელ გააკრიტიკა თავისი კონკურენტი რიში სუნაკი, რომელიც პეკინთან მოლაპარაკების იდეას აყენებს ტაივანის საკითხზე.
ლიზ ტრასი კი მომხრეა, ტაივანს სამხედრო დახმარება გაეწიოს და ამ გზით მსოფლიოში “პეკინის მავნე გავლენა” შეკავებული იქნას. თავის მხრივ, ჩინეთმა ლიზ ტრასის განცხადებებს “ბრიტანული იმპერიალიზმის თვალთმაქცი სახე” უწოდა.
რუსეთთან მიმართებით ლიზ ტრასის რიტორიკა ასევე მკაცრია – უფრო მკაცრი, ვიდრე – პეკინთან.
მისმა “ქორულმა” პოზიციამ რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნების დამცინავი რეაქცია გამოიწვია. მოსკოვური დიპლომატიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ლიზ ტრასის მოქმედება უკიდურესად დესტრუქციულად შეაფასა, ხოლო თვითონ ბრიტანელ ქალბატონს “სისხლისმსმელი ადამიანი” უწოდა.“ – ამ ყველაფერს ტრასის გაპრემიერებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე წერდნენ.
პოლიტიკის მიღმა მედია ლის ტრასს შრომისმოყვარე, ცხოველების მოყვარულ და მხიარულ პიროვნებად ახასიათებს.
მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილია, რომ 2000 წელს ის დაქორწინდა ჰიუ ო ლირზე, ოჯახში დაიბადა 2 გოგონა. 2006 წელს ფრანსისი და 2008 წელს ლიბერთი.
პირად ცხოვრებაზე მას არ უყვარს საუბარი. თუმცა ცნობილია, რომ მეუღლეს, ჰიუ ო ლირს ის 1997 წელს შეხვდა. სამი წლის შემდეგ კი წყვილი დაქორწინდა.
2006 წელს ლიზ ტრასი სკანდალში გაეხვა. ცნობილი გახდა მისი რომანის შესახებ ყოფილ დეპუტატთან მარკომ ფილდომთან.
კონსერვატორი ფილდომი იმ პერიოდში ტრასის პოლიტიკური მენტორი იყო. რომანი 18 თვეს გრძელდებოდა. შედეგად მისი ქორწინება დაინგრა, მაგრამ მოგვიანებით მეუღლეს შეურიგდა.
„მე ჩემი ქორწინებით ბედნიერი ვარ. “ – დაწერა ინსტაგრამზე 2019 წლის ვალენტინობის დღესასწაულზე ტრასმა…
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში პირველი პრემიერი 1721 წელს აირჩიეს, რობერტ უოლპოლი ვიგის პარტიიდან იყო.
მაშინ ეს ტერმინი – პრემიერი, არ გამოიყენებოდა, თუმცა უოლპოლს ჰქონდა იგივე გავლენა კაბინეტზე, რაც შემდგომში პრემიერს.
უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც ბრიტანეთის პრემიერები ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქუჩაზე, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში ცხოვრობენ.
ამავე ქუჩაზე ცხოვრობენ ხაზინის მეორე მინისტრები, ანუ – ფინანსთა მინისტრები.
რასაკვირველია, უცნობია, რამდენი ხნით დაიდებს ბინას დაუნინგ სტრიტზე ლიზ ტრასი, თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ მას რთულ პერიოდში მოუწევს ბრიტანეთის პრემიერობა და მის გადაწყვეტილებებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.