LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“: დააბრუნებენ თუ არა ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი ხელფასს გასცემს, რომელსაც დეპუტატები უკან აბრუნებენ

106
FORTUNA.GE- (8)

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც გახდნენ დეპუტატები და რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა ცნო, თუმცა ბოიკოტის გამო, ისინი ვერ ვიხილეთ პარლამენტში, დღეს ხელფასი ჩაერიცხათ.

თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ ტრანზაქციის ამსახველი ფოტომასალით და ტექსტით: “პარლამენტმა არ ვიმჩნევთ, რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს:-) წამებში მიიღეს უკან.” როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ჩარიცხული ხელფასი მან უკანვე გადარიცხა.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს პარლამენტში განუცხადეს,  ხელფასი დეპუტატებს ნამდვილად ჩაერიცხათ, რადგან მათი უფლებამოსილება შეწყვეტილი არ არის. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით მალე გაკეთდება.

ჩაერიცხათ თუ არა ხელფასი სხვა დეპუტატებს, “ფორტუნა” ინფორმაციის გადასამოწმებლად იმ პარტიების პრესსამსახურებს დაუკავშირდა, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ხელფასის ჩარიცხვა დაადასტურეს და გვითხრეს, რომ ხელფასი ჩაერიცხა მათ, ვინც იყო წინა მოწვევის პარლამენტის წევრი და ვისი რეკვიზიტებიც იყო მათთვის ხელმისაწვდომი. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეს არ იქნება თანხა, რომელიც დაიხარჯება.

რას მოხმარდება ან როდის დაუბრუნდება ფინანსები კვლავ პარლამენტს, პარტიის წარმომადგენლები მოგვიანებით განცხადებას აუცილებლად გაავრცელებენ.

“ლეიბორისტული პარტიის”  ლიდერს, გიორგი გუგავას ხელფასი არ ჩარიცხვია. განმარტა, რომ საბანკო რეკვიზიტები არ წარუდგენიათ და მოთხოვნის შემთხვევაში არც წარადგენენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ლიდერის პოზიცია ცნობილია და რომც მოხდეს ხელფასების ჩარიცხვა, პარტია თანხას უკან დააბრუნებს.

ცოტა ხნის წინ, ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, Facebook-ით გაავრცელა ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთმა წევრმა ნატო ჩხეიძემ:

“ოცნების“ ხელისუფლება დაპირებებს რომ არ ასრულებს, კი ვიცოდი, მაგრამ გადაჭარბებით თუ არ შეასრულებდა, „ოცნებისგანაც“ ძნელი წარმოსადგენი იყო. მაგალითად, განცხადებებს შემოიტანენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები, მაშინვე, უმოკლეს ვადაში დავაკმაყოფილებთო. და რა, არც არაფერი. რომ აცდენენ სხდომებს, ხელფასებს არ მივცემთო. აქაც – არც არაფერი. უფრო ზუსტად კი, სულ პირიქით.

გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია… ახლა საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, როგორც შალვა ნათელაშვილმა უწოდა.

ბიუჯეტში დავაბრუნო? არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ. ქველმოქმედებაში? ან ვის გააწვდენ და თანაც ​დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო… ​სამოქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს „ოცნება“, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო. ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას? ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ, გადავწყვიტოთ.” – წერს Facebook-ზე ნატო ჩხეიძე.

 

magti 5g