LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადას დეპუტატი რუს ჯარისკაცებს: აქ ნუ მოდიხართ, ეს თქვენი მიწა არ არის და არც იქნება – თუ უკრაინაში შემოხვალთ, მოგესალმებით იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც მოგიწყობთ

159
ალექსეი გონჩანერკო - რადას დეპუტატი

„თუ უკრაინაში შემოხვალთ, სამუდამოდ აქ დაგტოვებთ. გპირდებით, რომ აქედან ვერ გააღწევთ“, – ამ სიტყვებით უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ იმ რუს სამხედროებს მიმართა, რომლებიც ქვეყნის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან განლაგებული.

როგორც გონჩარენკომ აღნიშნა, ქვეყანა ახლა უკრაინის არსებობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და უკრაინელები სამშობლოს ბოლომდე დაიცავენ.

„პუტინმა პირდაპირ გვითხრა, რომ ის უკრაინის სახელმწიფოებრიობასა და ერს არ ცნობს. ის მიიჩნევს, რომ ჩვენ არ ვარსებობთ და მიწასთან გასწორებას გვპირდება.

გუშინ კრემლის დიქტატორისგან კიდევ ერთი ულტიმატუმი მოვისმინეთ, ითხოვს, რომ ნატოზე უარი ვთქვათ, ყირიმი ვაღიაროთ და დემილიტარიზაცია გამოვაცხადოთ, მერე გპირდება, რომ ყველაფერს გვიზამს, რაც მოუნდება. ამ არჩევანის შედეგების ისტორია კარგად ვიცით. ჩვენ მის ულტიმატუმებს არასოდეს დავთანხმდებით. ჩვენს სამშობლოს ბოლომდე დავიცავთ.

მოვუწოდებ რუს ჯარისკაცებს, აქ ნუ მოდიხართ, არავინ გელოდებათ. კიევში, მარიუპოლში, ოდესასა ან ხარკოვში ყვავილებით ხელში არავინ გელოდებათ. აქ ჯაველინებით და იარაღებით გელოდებით.

თუ უკრაინაში შემოხვალთ, სამუდამოდ აქ დაგტოვებთ. გპირდებით რომ აქედან ვერ გააღწევთ. მოგესალმებით იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც მოგიწყობთ. ეს თქვენი მიწა არ არის და არც იქნება“, – განაცხადა რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ტრიბუნიდან.

მანვე საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას უკრაინის არმიის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით:

„რადას საბიუჯეტო კომიტეტს მოვუწოდებ, ჩემს ინიციატივას მხარი დაუჭირონ და არმიის დაფინანსება გაზარდონ. მეგობრებო ჩვენი არმია ყოველდღე უნდა დავაფინანსოთ“, – აღნიშნა გონჩარენკომ.

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ორი ოლქის – დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.

დღეს კი, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.