LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო „თავისუფლება“: ევროკომისია გეგმავს განაცხადოს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით უნდა მიენიჭოს

157
EU

რადიო „თავისუფლების“ წყაროების ცნობით, ევროკომისია აპირებს, რომ დღეს, 8 ნოემბერს, გასცეს რეკომენდაცია: საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – მნიშვნელოვანი დათქმებით.

წყაროების თანახმად, ევროკომისრები ამ დროისთვის შეთანხმებული არიან, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს.

ცხრა ნაბიჯიდან ზოგიერთი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას აგრძელებს, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.

Politico: „კარგი ამბავი თბილისისთვის, კომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს“ 

ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლაზე.

ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.

„12 პუნქტს დაამატებენ ახალ პირობებს.. სავარაუდოდ მოითხოვენ, რომ ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“ – რიკარდ იოზვიაკი

„ვფიქრობ, რომ დეკემბრის ბოლოს, როცა წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას მიიღებენ, თქვენ მოგცემენ სტატუსს დამატებითი პირობებით, ისე როგორც უკრაინას და მოლდოვას მისცეს გასულ წელს.“

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა.

2023 წლის მაისში ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მაჩვენებელი 31%-მდე იყო შემცირებული. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
  • სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა – განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
  • ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება – და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
  • სასამართლო რეფორმა – მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა;
  • კორუფციასთან ბრძოლა;
  • დეოლიგარქიზაცია;
  • ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ოფიციალური გადაწყვეტილება ევროკომისიამ 8 ნოემბერს, საქართველოს დროით 15:00 საათისთვის უნდა გამოაცხადოს.

სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.

რადიო „თავისუფლების“ წყაროების ცნობითვე, ევროკომისია გეგმავს, მწვანე შუქი აუნთოს უკრაინასა და მოლდოვას, გახსნან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც ევროკავშირში გაწევრიანებამდე, კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია.

ამ პროცესში მოლდოვას, სავარაუდოდ, სამ პირობას წაუყენებენ, ხოლო უკრაინას – ოთხს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ველოდებით ევროკავშირის ისტორიულ დასკვნას და და უკვე შემდგომ ნაბიჯებს ვამზადებთ“

2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

magti 5g