„საერთოდ, დიპლომატიის ისტორიაში არ არსებობს არცერთი დიპლომატი, რომ სტუმარმა დიპლომატმა ასეთი განცხადება გააკეთოს ქვეყნების ურთიერთობების საწინააღმდეგოდ, ამას ჰქვია ცეცხლზე ნავთის დასხმა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის განცხადებას.
„ცოტა ირონიულად რომ ვთქვათ, რა ქნას კასიანოვმა?! გამორიცხულია, რომ ეს პირადი მოსაზრება იყოს.
კასიანოვი რამდენიმე მიღებაზე შემხვდა და ისეთი სიხარული გამოხატა, დანახვით, „სელფის“ გადაღების მცდელობით, რომ ვფიქრობ, ისიც არაადეკვატურია ან სტრესის ქვეშ იმყოფება შექმნილი ვითარების გამო.
კასიანოვი საკუთარ საჭიროებას ამტკიცებს და რომის პაპზე მეტი კათოლიკე უნდა გამოჩნდეს. ეს დასაშვებია გამომდინარე მისი პიროვნებიდან. ის არა მარტო არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, არამედ არაადეკვატურია თავის მოქმედებებში, ღიმილსა და ქცევაში. იგი მიდის იმ ინსტრუქციების შესაბამისად, რომელსაც იღებს, ან ერთხელ მიიღო და მუდმივად ასრულებს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.