LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გულისხმობს სექსთერაპია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

554
ნინა-გოგოხია

რა არის სექსთერაპია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინა გოგოხიამ ისაუბრა.

რას გულისხმობს სექსთერაპია?

სექსთერაპია არის ფსიქოთერაპიის სახე, რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანს, გაუმკლავდეს სექსუალურ პრობლემებს და გაიუმჯობესოს სექსუალური ცხოვრება. თერაპია პირველ რიგში მოიცავს აქტიურ მოსმენას პრობლემის იდენტიფიცირებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესში პაციენტები საუბრობენ სექსუალურ ფუნქციებზე, სურვილებზე, ურთიერთობაზე, ორიენტაციასა და თვითონ სექსუალობაზე. ფიზიკური, ფსიქოლოგიური და  ემოციური ფაქტორები ნორმალური სექსუალური ფუნქციის თუ დისფუნქციის წინაპირობაა. თერაპევტი და პაციენტი განიხილავენ სექსუალურ გამოცდილებებს, სურვილებსა და  ემოციებს.  არ არის აუცილებელი თერაპია პარტნიორთან ერთად ჩატარდეს, ბევრი ირჩევს ინდივიდუალურ თერაპიას.

ვის შეუძლია თერაპიაზე მისვლა?

სექსთერაპიაზე მისვლა შეუძლია ყველა ადამიანს ვისაც სურს სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესება ან მეტი სიამოვნების მიღება. განსაკუთრებით კი მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც აღენიშნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა:

-სექსუალური სურვილის დაქვეითება;

-ტრავმული სექსუალური გამოცდილება;

-ნაადრევი ან დაგვიანებული ეაკულაცია კაცებში;

-იმპოტენცია;

-ორგაზმის არ არსებობა ან ორგაზმის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები;

-ტკივილი სექსის დროს ან არასასიამოვნო სექსუალური აქტი.

რამდენად მნიშვნელოვანია წყვილისთვის სექსუალურ ასპექტში თანხვედრა და პრობლემებზე საუბარი?

ურთიერთობაში არსებული ნებისმიერი პრობლემა შეიძლება იყოს სექსუალური სურვილის დაქვეითების წინაპირობა. წყვილისთვის სექსუალურ ასპექტში თანხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ სექსუალური ინტერესების აბსოლუტური დამთხვევა არ არის საჭირო სრულფასოვანი და სასიამოვნო სექსუალურ აქტისთვის. შესაძლებელია ინტერესები ერთმანეთისგან გარკვეული დოზით განსხვავებული იყოს, მაგრამ მაინც შეეძლოს წყვილს სიამოვნების მიღება, თუმცა ხანდახან წყვილი სხვადასხვანაირად აღიქვამს პრობლემას, განსხვავებული მოლოდინები ქმნიან გაურკვევლობას და შესაძლოა მანიპულაციის საშუალებით(საკუთარი თავის მიმართ ან პარტნიორის მხრიდან) შეიქმნას ილუზიური სურვილები, რაც სავარაუდოდ ჩვენი სურვილების ანტიპოდი იქნება. სწორედ ეს არის სექს თერაპიის ერთ-ერთი მიზანი, რომ ერთმანეთთან თანხვედრაში მოიყვანოს წყვილის განსხვავებული სურვილები სექსუალურ ასპექტში (თუ მათ ეს სურთ),  ამისათვის კი პირველ რიგში აუცილებელია არსებულ პრობლემაზე პარტნიორთან ღიად საუბარი.

რა სერვისს სთავაზობს ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებელს?

საკუთარ თავზე ზრუნვა კომპლექსურია. ბალნეოლოგიური კურორტი არის საუკეთესო სივრცე საკუთარ სექსუალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ჩვენ გვაქვს უამრავი სარელაქსაციო და სექსუალური ფუნქციის აღდგენისკენ მიმართული მომსახურება, პროცედურები, გვყავს არაჩვეულებრივი სპეციალისტები – ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი. ბალნეოლოგიური კურორტის გარემო იდეალურია სიმშვიდის აღდგენის და რელაქსაციისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g