LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აღარ დაბრუნდება ტელევიზიაში მაია ასათიანი, როგორ პასუხობს მის შესახებ გავრცელებულ ჭორებს და არსებობს თუ არა მის ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი: „ვინც უნდა იდგეს ჩემ გვერდით, სულ რომ მილიარდერი იყოს, მას ერთ კაპიკსაც არ გამოვართმევ….“

1123
მაია-ასათიანი

მაია ასათიანი რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემას „ვიზიტორი“ ესტუმრა და გიგა ბატკუაშვილის მიერ დასმულ არაერთ შეკითხვას უპასუხა, მათ შორის, პირადი ცხოვრების შესახებაც. მაიამ აღნიშნა, რომ ერთადერთი რადიოსადგური, სადაც სტუმრად დადის, რადიოჰოლდინგი „ფორტუნაა“ და რადიოს ერთადერთი ჟურნალისტი, ვისთანაც გულახდილობის ხასიათზე დგება, სწორედ გიგა ბატკუაშვილია.

მაია ასათიანი:

„პროფილური“ მაია ასათიანი აღარ არსებობს, ამის დრო დამთავრდა… ძალიან გულწრფელად ვამბობ ამას. ეს ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია, რომელმაც გარკვეულწილად შემქმნა…

მინდა, დაგაბრუნო ბავშვობაში…

ჩემი ბავშვობა ტელევიზიას უკავშირდება, უბრალოდ, სილაღის პერიოდი ძალიან მალე დამთავრდა, რადგან დაიწყო 90-იანი წლები. რომ გითხრათ, რომ დიდი სიხარულითა და სიამოვნებით ვიგონებ ამ პერიოდს, მოგატყუებთ. ორი წამითაც რომ ქრება შუქი, ის დრო მახსენდება და პანიკური შეტევა მეწყება. ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ტელევიზია, სადაც მოვხვდი მერვე კლასში, მაშინ ვიყავი 15 წლის.

მანამდე რა ხდებოდა?

10 წლის ასაკამდე ძალიან განებივრებული პატარა გოგო ვიყავი, რომანტიკული, მჯეროდა სასწაულების და ახლაც მჯერა, ჩემი სიყვარული ფენტეზის ჟანრის მიმართ ამანაც გამოიწვია. უცბად ყველაფერი რომ დაბნელდა, ყველა 90-იანელი ამას იტყვის, რომ უცებ ჩვენ გავხდით დიდები. მე რომ არ მოვხვედრილიყავი ტელევიზიაში, სადაც სხვათა შორის, შუქი ყოველთვის ენთო, არ ვიცი, ჩემგან რა დადგებოდა. ეს განცდა, ეს სურნელი, რაც ტელევიზიაში იყო, არასდროს დამავიწყდება. მივხვდი, რომ სასწაულის თანაზიარი ვიყავი. ძალიან გამიმართლა, რომ ქართული ტელევიზიის ოქროს ხანაში მომიწია მოღვაწეობა. ეს ის დრო იყო, როცა საზოგადოებრივ აზრზე ერთადერთი ზეგავლენა ტელევიზიას ჰქონდა. ახლა ჟურნალისტი ყველაზე საშიში პროფესიის წარმომადგენელია, განსაკუთრებით, ქალი… მენატრება ჩემი წარსული ტელეკარიერა…

ბებიაჩემი ერთ-ერთი ცნობილი კარდიოლოგი იყო. ჩვენს ოჯახში ძლიერი ქალის კულტი არსებობდა. ამაში ნამდვილად გამიმართლა. მახსოვს, დაღლილი ბებია, მორიგეობიდან რომ ბრუნდებოდა და სადილის კეთებას იწყებდა, ამაზე საშინელი პროტესტი მქონდა. სულ მეუბნებოდა, ისე იცხოვრე და ისეთი კარიერა გაიკეთე, რომ ეს არ დაგჭირდესო. მე საშინელი პრანჭია ვიყავი და არ მომწონდა, რომ თავის მოვლის დრო არ რჩებოდა. ეს ჩანაფიქრი თუ სურვილი ავუსრულე. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. როცა მეკითხებიან, სამზარეულოში თუ ფუსფუსებო, ვპასუხობ, როდის უნდა მესწავლა, როცა 15 წლიდან ვმუშაობდი. თუმცა არსებობს ჩემი უმცროსი და, რომელსაც ძალიან წარმატებული კარიერა აქვს და შესანიშნავი კულინარია. ყველაფერს უთავსებს ერთმანეთს და ასეთი ქალები გმირები მგონია.

პირველი აღიარება და წარმატება როდის მოვიდა?

ჩემს კარიერაში უდიდესი როლი შეასრულა დილის გადაცემა „ალიონმა“. დღემდე მადლიერი ვარ ოთარ შაორშაძის, დიდი გამოცდილება მივიღე პირდაპირი ეთერის წაყვანის. ეთერში ჩასაცმელი ტანსაცმელიც არ მქონდა, არ დაგავიწყდეთ, რომ 90-იანი წლები იყო. ბაბუაჩემის თეთრი პერანგი მეცვა. ახლა „ბალენსიაგას“ დამსახურებით ტრენდულია ოვერსაიზ პერანგი, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. რომ განახათ, გრიმს რით გვიკეთებდნენ… რა ფუფუნებაზეა ლაპარაკი. ამ დროს ქართულ ეთერში სასწაულებრივად რჩება „რუსთავი 2“- სრულიად დასავლურ ყაიდაზე აწყობილი ტელევიზია. ჩემს თავს ვუთხარი, რომ აქ უნდა მემუშავა. კარი თუ დაგიკეტეს, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე – ჩემს სტუდენტებს ამას სულ ვეუბნები. შენ თუ ეს არ შეგიძლია, ვერასდროს მოიპოვებ ექსკლუზივს, რესპონდენტს. „ალიონიდან“ წამოვედი, რადგან ეს უკვე იყო წარსული. უნდა მესწავლა სიახლეები, რაც მსოფლიოში ხდებოდა. ეკა ხოფერიას ვურეკავდი თვენახევარი. ეკა იმ დროს „კურიერს“ ხელმძღვანელობდა. ეტყობა, ისე შეწუხდა, რომ თვენახევრის შემდეგ ყურმილი აიღო. მან არ იცოდა, ვინ იყო მაია ასათიანი. გავხდი „კურიერის“ პრაქტიკანტი. ეს ძალიან დიდი დაქვეითება იყო, რადგან „პირველ არხზე“ საათნახევარი გადაცემა მიმყავდა. ხელფასი მქონდა 500 ლარი. ძალიან ბევრი ვიშრომე… კატორღულად თუ არ იშრომე, შენგან არაფერი გამოვა. იმ რამდენიმე წელიწადში მიღებული გამოცდილებით მივედი ლამის ბოლომდე. კონკიასავით მიწევდა შრომა. ახლა სხვა დროის „რუსთავი 2“-ზე ვლაპარაკობ, ეროსი კიწმარიშვილისა და დათო დვალის შექმნილზე… მსოფლიო მედიის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ, ჟურნალისტიკა რომ ესწავლებინათ ჩვენთვის.

მერე გადავედი „დროებაში“. „დროებიდან“ უკვე დამპატიჟეს და მივხვდი, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი. როცა ფერეიდნიდან დავბრუნდი და ეს სიუჟეტი ეთერში გავიდა, მივხვდი, რომ შევდექი… გამარჯობა, მაია. მაშინ არ იყო სოციალური ქსელი. ყველა ფანჯრიდან ჩემი ხმა გამოდიოდა. ეს ისეთი უცხო იყო… ყველა სართულზე და ყველა ოთახში ტელეფონზე მაყურებელი რეკავდა ემოციების გამოსამჟღავნებლად. ერთხელ გივი ბერიკაშვილს ვკითხე, ტიგრან გულოიანმა რა მოგიტანათ-მეთქი და მაია, რას ამბობ, გივი ბერიკაშვილი გავხდიო. მეც იმ სიუჟეტის შემდეგ გავხდი მაია ასათიანი… „დროებიდან“ ჩემი ნებით არ წამოვსულვარ, იყო 7 ნოემბერი… ის ხელისუფლება ტელევიზიაში შევარდნის ფაქტს გადაჰყვა… წლების განმავლობაში ფორმიან ადამიანს რომ ვხედავდი, გავრბოდი… მერე ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ თუ მედიაში დავბრუნდებოდი, არასდროს გავაკეთებდი პოლიტიკურ სიუჟეტებს იმისთვის, რომ სხვისი პოლიტიკური მიზნებისთვის იარაღი ვყოფილიყავი… როცა ახალგაზრდა ხარ, შენით მანიპულირება იოლია. მოვიგონე „პროფილი“ და წავედი უწყინარ ტელევიზიაში „მზე“. ოთხი გამოშვება გავიდა, როცა „მზე“ დაიხურა. 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში „რუსთავი 2“-ზე გავიდა პირველი „პროფილი“… გავიდა და გავიდა…

„პროფილი“ რომ რეიტინგული იყო, ამას აღარ მოვყვებით… ეს არის ისტორია, ბევრი ლეგენდა შემორჩა არქივს შენი გადაცემის დამსახურებით… როცა სოციალურ ქსელში ამონარიდებს უყურებ, რა შეგრძნება გაქვს?

მტკივა, როცა ამას ვუყურებ. ახლა ტელევიზიის ოქროს ხანა დამთავრდა და ინტერნეტის ტელევიზია იწყება, ჯერ არ დაწყებულა. 50-50-ზეა. ტელემაყურებელი დაბერდა, 55+ ადამიანები უყურებენ და იღებენ ინფორმაციას ტელევიზიიდან…

როცა ამდენწლიანი სატელევიზიო კარიერა გქონდა, შენ გარშემო იყო უამრავი ადამიანი, მეგობარი თუ თანამშრომელი… როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდა, ეს ხალხი გაქრა შენი ცხოვრებიდან?

იმ დროს, როცა ჩემი გადაცემა ეთერში გადიოდა, ქუჩაში მოძრაობა ჩერდებოდა და არ ჩერდებოდა ჩემი ტელეფონი. მუდმივი ტელეფონის წკრიალის გამო ხანდახან დამაწყნარებელი მჭირდებოდა. ზოგს რა უნდოდა, ზოგს რა… ტელევიზიიდან რომ წამოვედი, ვიცოდი, რა იქნებოდა, წინასწარ იცი, ვინ ნამდვილია და ვინ – ყალბი. ეს ჩემს სტაფსაც ეხება და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი გადაცემის ეთერში გინახავთ. ისეთი მაგარი შეგრძნებაა, როცა ნამდვილებს ეურთიერთები. როცა იცი, რომ ამ ადამიანს ნამდვილი ედარდები… შენს გვერდზე იმიტომ კი არ არის და სელფებს იმიტომ კი არ იღებს, რომ შენი სტატუსი ადარდებს… დასამშვიდობებელი სიტყვები რომ ვთქვი და ეთერიდან გამოვედი, დამირეკა ლელა წურწუმიამ, ნანუკა, შენ, კესომ… მისი წასვლა ძალიან მეტკინა… არასდროს დამავიწყდება ეს ზარები…

ძალიან მიყვარს ძაღლები, სახლში რომ ვბრუნდები, სიხარულით მხვდებიან, ეს არის ნამდვილი ერთგულება. სულ მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა არხიდან, მაინც ჩემი არხის ერთგული ვიყავი. ეს შემოთავაზებებიც გაქრა. არ მინდა, პოლიტიკური მიმართულებით წავიყვანო ჩვენი საუბარი. თავიდან იყო ძალიან რთული. დეპრესიაც მქონდა, გამორიცხულია, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ქალს არ ჰქონოდა. ყურადღების გადატანაში ჩემი საქმე მეხმარებოდა. როცა მარტო აღმოვჩნდი და გავიაზრე, რომ აღარავის ვჭირდები, დამეწყო დეპრესია. მერე ინტერნეტში ერთმა ადამიანმა ჩამიგდო ვიდეო, სადაც ვამბობდი, რომ ადექი-მეთქი… ჩემივე ვიდეოს მოვუსმინე და ჩემს თავს ვუთხარი, მაია, ადექი… მოვკვდი და ხელახლა დავიბადე.

ტელევიზიაში, ალბათ, აღარ დავბრუნდები… „იუთუბს“ ჯერ კიდევ განვიხილავ. დავდექი სავარჯიშო ბილიკზე, ვირბინე, ვირბინე და მოვიფიქრე საკუთარი კოსმეტოლოგიური ხაზი.

როცა სოციალურ ქსელში აქტიური გახდი, იყო ბევრი კრიტიკა, უარყოფითი შეფასებები…

როცა სოციალურ ქსელში სიძულვილი დაიწყო, ამას რომ „ჰეითი“ ერქვა, ისიც არ ვიცოდით. „პროფილის“ სადღაც მეორე-მესამე სეზონი იყო. მე გამოცდილი მაქვს, როგორ მოჰყვე საყოველთაო სიყვარულს საყოველთაო სიძულვილი. მასის ფსიქოლოგიაა ასეთი – მერე მისი გაგებით შეცდომებს, ან ადამიანურ შეცდომებს აღარ გპატიობს. პირველ პერიოდში, რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდიდი. 2010-11 წლებში ისიც არ ვიცოდი, რომ ტროლების სისტემა არსებობდა. მერე „ფეისბუქი“ საერთოდ გავაუქმე, რომ ეს ყველაფერი არ მენახა. ცხადია, ეს იწვევდა ტკივილს, მაგრამ იწვევდა ჟინსაც, რომ უფრო მაღალი შედეგი მიმეღო. ზოგადად, ასეთი ვარ, თუ ხმას ამოიღებ ჩემთან საბრძოლველად, მე დაგამარცხებ. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადავიტანე, რამდენი წელი გავიდა, იმდენ იარას ვუმკურნალე შიგნიდან, იმდენი ვიშრომე, რომ ფეხზე დავმდგარიყავი, ვიღაც ცუდად რომ დაწერს რამეს ჩემზე, რომ თვითშეფასება აიმაღლოს, დე, აიმაღლოს. ხომ ყველა ვშიფრავთ, ვინ ტროლია, ვინ არშემდგარი ქალბატონი. მაშინ კონკურენტების ხელსაც ვგრძნობდი… ეს ის მოგონებაა, მაშინ რომ მწარე იყო და ახლა რომ გეცინება. დე, წერონ, თუ ჰგონიათ, რომ სარკეში ჩაიხედავენ და ამით ლამაზები გამოჩნდებიან.

ხშირად იწერებოდა, რომ მაია ასათიანი ორსულად იყო. ალბათ, ბევრი რამ კეთილი განზრახვითაც იწერებოდა, გაგათხოვეს, სიყვარულის ამბებიც დაწერილა…

მაგრამ არც ერთი სიმართლე არ ყოფილა…

იმასაც ამბობენ, რომ შენს ცხოვრებაში არსებობს მილიონერი ბიზნესმენი, რომელმაც პარფიუმერიის ეს ხაზი შეგიქმნა…

(იცინის) ვინც უნდა იდგეს ჩემ გვერდით, სულ რომ მილიარდერი იყოს, მას ერთ კაპიკსაც არ გამოვართმევ. ჩემი შრომით მოპოვებული სარჩო მირჩევნია. ამის მიხედვით არ ვარჩევ ადამიანებს. მე ის ქალი არა ვარ, მეგობრებო. ეს რომ მდომებოდა, ასეთი კატორღული შრომაც არ მომიწევდა, ბევრად ადრე დავბინავდებოდი. პირად ცხოვრებაზე საუბარი ავუკრძალე ჩემს თავს. ახლა მაქვს ამის უფლება. როცა „პროფილის“ წამყვანი ვიყავი, მე თვითონ ვსვამდი ამ კითხვებს და მერიდებოდა, რომ არ მეპასუხა. თუ მილიონერზე ასეთი ჭორია, ეს არის სიცრუე. რაც შეეხება ჩემს სტარტაპს, სულ მინდოდა, თავის მოვლის ხაზი მქონოდა. თუ ტელევიზიისნაირად რამე ვიცი, ეს არის თავის მოვლის თემები. სარბენ ბილიკზე ჩქარი სიარულის დროს უცებ ამენთო… დავიწყე ბიზნესის სწავლა და იმაზე მუშაობა, როგორ შემექმნა. საწყისი კაპიტალი არ მქონდა, კრედიტი არ მომცეს, რადგან უმუშევარი ვიყავი. რაც ოქრო მქონდა, ყველაფერი ჩავაბარე, მხოლოდ ერთი ბეჭედი დავიტოვე, რადგან ეს ის ბეჭედია, რომელიც მინდოდა, ნუცასთვის მეჩუქებინა ა და გასაყიდად ვერ გავიმეტე. ჩემი პირველი პროდუქტი რომ დავიკავე ხელში, ძალიან ვღელავდი. იმავე საღამოს ყველა ფლაკონი გაყიდული იყო. გავაკეთეთ შრატი, თვალის კრემი, ახლა უკვე სამი ხაზი გვაქვს, გვყავს თანამშრომლებიც. შენთან ინტერვიუს შემდეგ ვიფიქრე, რომ მამაკაცის ხაზიც უნდა გავაკეთო. შავ ფლაკონში იქნება, ოქროსფერი ხაზებით, თუმცა ეს საკითხი ჯერ კარგად უნდა შევისწავლო.

დღევანდელი გადმოსახედიდან როგორია მაია ასათიანი?

განცდა მაქვს, რომ „კურიერის“ დამწყები რეპორტიორი ვარ. არ მეგონა, თუკი ბიზნესი ასეთი შემოქმედებითი და აზარტული იყო, საინტერესოა მომხმარებელთან ურთიერთობა. მაგრამ „კურიერის“ რეპორტიორივით გიწევს ისევ კონკიად მუშაობა, მაგრამ ესეც მომწონს. როცა შემოვედი და მითხარი, როცა შემოვედი, ვერ გიცანიო, ეს ამის დამსახურებაა. მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდებს.

ისე, არავინ არის დღეს შენს ცხოვრებაში?

აი, ისევ პირადი ცხოვრების შესახებ დამისვი კითხვა. მერე ეს გახდება სათაური. ჯერ დადებს fortuna.ge და მერე აიტაცებს სრულიად ონლაინმედია. გინდათ, რომ გავთხოვდეთ? არ მინდა ყვითელი სათაური, საკმარისზე მეტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ხომ ყოველთვის გპასუხობდი, ახლა არ გეტყვი…

თუმცა მე მაინც ვისურვებდი, რომ შენს ცხოვრებაში იყოს მეორე ნახევარი…

მაშინ მე მოვიკითხავ იმ ბიჭს, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ მისმენს და რადიო სწორედ ამიტომ აქვს ჩართული…

აი, მაინც ვაღიარეთ, მაია, წარმატებებს გისურვებ შენს საქმეში!..

იცი, რამდენ რამეს ვხედავ წინ? ეს ძალიან საინტერესოა. დიდი გზაა, რომელიც უნდა გავიარო და ამას დიდ ტონუსში მოვყავარ!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები