LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ერიცხება ელენე ხოშტარიას მამას რუსეთიდან თანხა – პოლიტიკოსი „იმედის“ ბრალდებას პასუხობს

768
ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება “იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვით, ოპოზიციონერ დეპუტატს რუსეთიდან პერიოდულად ერიცხება მილიონობით რუსული რუბლი.

„ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა „იმედი“. მინდა გითხრათ უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან.

ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო 🙂

მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია.

რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.

არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, მათთვის ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედის” მიერ აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა ელენე ხოშტარიას მიერ „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების დაწესება მოთხოვნა.

ხოშტარიამ მიზეზად რუსული კავშირები დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები