LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გამოისახება დოლარის სიმბოლო სხვადასხვაგვარად და რომელი ვერსიაა სწორი?

108
დოლარის სიმბოლო

სთხოვეთ რამდენიმე ნაცნობს, გამოსახოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტის, დოლარის სიმბოლო და გაოცდებით, რამდენად განსხვავებულ შედეგებს მიიღებთ. ზოგიერთი ასო S-ს ერთ ვერტიკალურ ხაზს დაუსვამს, ზოგი კი – ორს და თითოეული მათგანი დარწმუნებული იქნება, რომ სწორედ მისი ვერსიაა სწორი. სინამდვილეში, ორივე ვარიანტი მართებულია და მათ უკან დგას შრიფტებთან, ესპანურ მონეტებთან და ერთობ სიცოცხლისუნარიან მითთან დაკავშირებული ფაქტორები.

დღეისთვის ყველაზე ხშირად ერთი ვერტიკალური ხაზის მქონე სიმბოლო გვხვდება. სწორედ ამ ფორმითაა დოლარი წარმოდგენილი კომპიუტერებისა და სმარტფონების თითქმის ყველა შრიფტში და შედეგად, საბანკო აპლიკაციებში, ფინანსურ ცხრილებსა და ვებგვერდებზე.

დოლარის სიმბოლოს წარმომავლობა

აქ იწყება ყველაზე საინტერესო. სიმბოლო $ სრულიად არ უკავშირდება აშშ-ს ან თავად სიტყვა „დოლარს“. მეტიც, ერთ-ერთი ვერსია ესპანურ პესომდეც მიგვიყვანს.

კოლონიურ ამერიკაში მიმოქცევაში იყო ესპანური ვერცხლის მონეტები, რომლებსაც სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ: Spanish dollar (ესპანური დოლარი), პესო, პიასტრი ან pieces of eight (რვა რეალიანი ვერცხლის მონეტა). აღნიშნული მონეტები ამერიკული დოლარის გაჩენამდე კარგა ხნით ადრე წარმოადგენდა მნიშვნელოვან საანგარიშსწორებო ერთეულს, ვინაიდან მათში ვერცხლის შემცველობა სტაბილური იყო.

აშშ-ის გრავირებისა და ბეჭდვის ბიუროს ოფიციალური ვებგვერდი განმარტავს, რომ სიმბოლო $ განვითარდა აბრევიატურიდან Ps, რომლითაც ბუღალტერიაში აღინიშნებოდა pesos, piastres ან pieces of eight. დროთა განმავლობაში ასო S-ს წერა დაიწყეს P-ს თავზე, ვიდერ ეტაპობრივად არ მივიდნენ ჩვენთვის დღეს უკვე ასე ნაცნობ სიმბოლომდე. აშშ-მა დოლარის ნიშანი ოფიციალურად 1785 წელს მიიღო,

რატომ არის ბევრი დარწმუნებული, რომ დოლარის ნიშანს ორი ხაზი აქვს?

მასობრივ ცნობიერებაში ორი ვერტიკალური ხაზის მქონე ვარიანტის დამკვიდრებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

  • ვიზუალური აღქმა: ორი ხაზი უფრო სოლიდურად გამოიყურება – სწორედ ასეთ ნიშანს გამოსახავდნენ კარიკატურებში, კომიქსებში, რეკლამებსა და ფულის ტომრებზე.
  • ნოსტალგიური ფაქტორი: ბევრს ეს ვარიანტი ბავშვობიდან – ძველი სახელმძღვანელოებიდან, რვეულებიდან და აბრებიდან ახსოვს.
  • პოპულარული მითი, რომლის თანახმადაც დოლარის სიმბოლო წარმოიშვა ასოების – U და S-ის (ანუ United States) შერწყმით. ამ ვერსიით, ასო U თითქოს ზემოდან დაედო S-ს, შემდეგ მისი ქვედა ნაწილი გაქრა, ხოლო ორი ვერტიკალური ხაზი შენარჩუნდა.

რატომ არ აღნიშნავს სიმბოლო $ მხოლოდ აშშ დოლარს?

კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც იშვიათად უფიქრდებიან. სიმბოლო $ გამოიყენება არა მხოლოდ ამერიკული ვალუტისთვის. მისი მეშვეობით ასევე აღინიშნება კანადური, ავსტრალიური და ახალზელანდიური დოლარი, მექსიკური პესო, ბრაზილიური რეალი (ფორმით R$), ნიკარაგუული კორდობა და სხვა ვალუტები.

სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ტექსტებში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ხშირად წერენ არა უბრალოდ $100-ს, არამედ US$100, CA$100 ან A$100. სრული სიზუსტისთვის კი იყენებენ სამასოიან კოდებს: USD, CAD, AUD. როდესაც საქმე ეხება მსხვილ თანხებს, მაგალითად, რამდენი მილიარდი დოლარი ჯდება ადამიანის მთვარეზე დაბრუნება, მსგავს სიზუსტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

რატომ აქვს დოლარის ნიშანს მხოლოდ ერთი ხაზი?

ერთხაზიან ვარიანტს პრაქტიკული უპირატესობები გააჩნია. ის უფრო მარტივია და მკაფიოდ ჩანს, მათ შორის ეკრანებზე. გარდა ამისა, შრიფტის დიზაინერები ცდილობენ, ვალუტის სიმბოლოები სიგანითა და სტილით ციფრებს შეუსაბამონ, რათა ცხრილებში მოცემული თანხები თანაბრად და სიმეტრიულად გამოიყურებოდეს. შესაბამისად, ერთხაზიანმა ნიშანმა გაიმარჯვა არა მეორე ხაზის გაუქმების, არამედ ინტერფეისებისა და ტიპოგრაფიისთვის მეტი პრაქტიკულობიდან გამომდინარე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g