რატომ ვამთქნარებთ და რატომ არის მთქნარება ასეთი გადამდები?- ამ თემაზე ექიმი გიორგი ოდიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანი მთქნარების დროს უფრო მეტი ჟანგბადის ჩასუნთქვასა და ნახშირორჟანგის გამოდევნას ცდილობს, მოძველებულია და სიმართლეს აღარ შეესაბამება.
„სინამდვილეში, მთავარი ჰიპოთეზა ამ შემთხვევაში არის თავის ტვინის ტემპერატურის რეგულაცია“, – ამბობს გიორგი ოდიშვილი.
ექიმის განმარტებით, მთქნარების დროს ადამიანი პირს ფართოდ აღებს, ღრმად ჩაისუნთქავს, ამ დროს კი იჭიმება სასუნთქი კუნთი და თავისა და კისრის სისხლმომარაგება იზრდება.
ეს შესაძლოა ხსნიდეს, რატომ ვამთქნარებთ დაღლილობისას, ხანგრძლივი კონცენტრირების შემდეგ და გახშირებული სიცხის დროს.
მთქნარება ასევე ხშირად გვხვდება მაშინ, როდესაც ადამიანები სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ფაზებში გადადიან, მაგალითად, გათენებისას ან დასვენების წინ.
რაც შეეხება მთქნარების „გადამდებობას“, ეს რეაქცია დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის ასაკში წარმოიქმნება და მანამდე არ არსებობს. დიდი ალბათობით, ის თავის ტვინის სოციალურ ფუნქციებს უკავშირდება.
როდესაც ადამიანი ხედავს, რომ სხვა ადამიანი ამთქნარებს, თავის ტვინში აქტიურდება სპეციალური რეგიონები, რომლებიც მიბაძვისა და სოციალური ქცევის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ”.
ექიმის თქმით, ეს გარკვეულწილად ჰგავს სხვა ადამიანების ემოციების გადმოღებას – მაგალითად, როდესაც ერთი ადამიანი იცინის და თქვენც გეცინებათ.
“მთქნარების გადამდებლობა უცხო ადამიანებთან შედარებით ნაკლებად ფუნქციონირებს, რასაც სოციალური კავშირი და ადამიანებს შორის ემპათია უკავშირდება. თუმცა, ეს კავშირი უფრო კომპლექსურია და მხოლოდ ახლო ურთიერთობით ვერ აიხსნება”,- განმარტავს ექიმი.
